Site icon Civil.ge

საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე ფრაქციად იშლება

“რეზონანსი”, “ახალი თაობა”

საპარლამენტო უმრავლესობა უკვე დაშლილად შეიძლება ჩაითვალოს. უმრავლესობის ოთხ ნაწილად დაშლას ვარაუდობენ, წერს “რეზონანსი”. “ახალ თაობას” მიაჩნია, რომ, შესაძლოა ოთხზე მეტი ფრაქციაც “გამოიჩეკოს”, ვინაიდან საკუთარი ფრაქციის ყოლის ამბიცია ბევრ დეპუტატს აქვს.

“რეზონანსის” თქმით, მოქალაქეთა კავშირი გაცილებით უფრო ადრე დაიშლებოდა, ედუარდ შევარდნაძე მისი თავმჯდომარე რომ არ ყოფილიყო. “ახალ თაობას” მიაჩნია, რომ მოქალაქეთა კავშირი სწორედ პრეზიდენტის მითითებით დაიშალა.

“რეზონანსი” ძალთა სავარაუდო გადანაწილების სქემას გვთავაზობს. მისი პროგნოზით, დეპუტატად გახდომის შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილს საკუთარი დაახლოებით ათკაციანი ფრაქცია დახვდება პარლამენტში. “ამ ჯგუფს პირობითად რადიკალები შეარქვეს”. “რეზონანასის” ინფორმაციით, ცალკე 10 კაციანი ფრაქცია ეყოლება პარლამენტის თავმჯდომარეს ზურაბ ჟვანიას. “ჟვანიას, შესაძლოა, ცალკე ათეულის ხელმძღვანელობა დიდხანს არც დასჭირდეს, რადგან პრემიერ მინისტრის პოსტზე შევარდნაძეს მისი კანდიდატურა ჯერ კიდევ არ მოუხსნია, წერს გაზეთი.

ერთ-ერთი დაჯგუფება, რომელიც პრეზიდენტისა და სახელმწიფო კანცელარიის ინტერესებს გაატარებს, იქნება მაჟორიტარების ახალი ფრაქცია. თუმცა “რეზონანსიც” და “ახალი თაობაც” პრეზიდენტის მთავარ დასაყრდენად პარლამენტში ისევ ნიკო ლეკიშვილსა და მის გარშემო გაერთიანებულ გუნდს ასახელებენ. 

“ალიანსი ახალი საქართველოსათვის” მორიგი დაჯგუფებაა, რომელიც ასევე პრეზიდენტის ინტერესების დამცველად მოიაზრება. “ამ ფრაქციის ძირითად ბირთვს წარმოადგენს ქვემო ქართლის მაჟორიტარი დეპუტატები, რომელთა უკან ქვემო ქართლის გუბერნატორი ლევან მამალაძე მოიაზრება”, წერს “ახალი თაობა”.

ფრაქცია მოქკავშირის თავმჯდომარის მოადგილე მერაბ ტყეშელაშვილი “რეზონანსთან” საუბრისას აცხადებს, რომ დაშლილი უმრავლესობისგან შექმნილი გარკვეული ჯგუფები ერთ პლათფორმაზე დადგებიან, ანუ, ფაქტიურად, ახალ უმრავლესობას შექმნიან პარლამენტში. “რეზონანსს” უკვირს, თუ რომელ პლათფორმაზეა საუბარი, ვინაიდან საპარლამენტო უმრავლესობასა და მოქალაქეთა კავშირს სწორედ ერთიანი პლათფორმის არქონის გამო აკრიტიკებდნენ.

This post is also available in: English (ინგლისური)