Site icon Civil.ge

საქართველო კვლავ სისხლიანი პროვოკაციის წინაშე

“დილის გაზეთი”, “რეზონანსი”

“გუშინ, ერთის მხრივ, რუსეთისა და აფხაზეთის და, მეორეს მხრივ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები კოდორის ხეობაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას ავრცელებდნენ”, წერს “დილის გაზეთი”. რუსეთის საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, აფხაზეთის სეპარატისტული რესპუბლიკის ტერიტორიაზე ადგილი ჰქონდა შეტაკებას აფხაზ მებრძოლებსა და ჩეჩნურ-ქართულ დაჯგუფებას შორის.

საქართველოს სახელმწიფო სამინისტრო, განსაკუთრებულ საქმეთა სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო და სხვა სახელმწიფო ორგანოები სრული პასუხისმგებლობით აცხადებენ, რომ კოდორის ხეობაში არავითარი შეტაკება არ მომხდარა. “რეზონანსის” ინფორმაციით, ქართველი პარტიზანები ამტკიცებენ, რომ გულრიფშის რაიონში დაახლოებით 70-მდე ჩეჩენი და ქართველია. აფხაზების განცხადებით კი, გულრიფშში კოდორის ხეობიდან ოთხასზე მეტი შეიარაღებული პირი გადავიდა.

“დილის გაზეთს” მიაჩნია, რომ ორივე, რუსულ-აფხაზურისა და ქართული მხარის განცხადებებს გარკვეულწილად ფანტაზია ასაზრდოებს.

გულრიფშის რაიონში მომხდარ ინციდენტს ადასტურებენ გაეროს მისიის ხელმძღვანელი საქართველოში დიტერ ბოდენი, ასევე ქართველი პარტიზანები და სეპარატისტული აფხაზეთის მთავრობა. “რეზონანსის” ცნობით, მომხდარს არც პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროებისა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ბარამიძე უარყოფს და აცხადებს, რომ რაც დღეს ხდება ძალიან სახიფათოა.

აფხაზეთში სიტუაციის გამწვავების თანადროულად პანკისის ხეობაში კრიმინოგენური მდგომარეობა გართულდა. პანკისში და კოდორში მიმდინერე მოვლენები პრეზიდენტ შევარდნაძის ამერიკაში ვიზიტს დაემთხვა. ამას კი წინ უსწრებდა ქართველი მაღალჩინოსნების ექსპრეს ვიზიტები მოსკოვში, წერს “რეზონანსი” და დასძენს, რომ საქართველოს პარლამენტში არ გამორიცხვენ რუსეთის სპეცსამსახურების მიერ მოწყობილ პროვოკაციას. “ერთი-ერთი ვერსიით კი პანკისსა და კოდორში განვითარებული მოვლენები სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაა”, აცხადებს გაზეთი.

“დილის გაზეთის” აზრით, კოდორის ხეობაში მიმდინარე მოვლენები არის შეთანხმებული ოპერაცია გამიზნული ჩეჩენი “ტერორისტებისა” და მათ აყოლილი ქართველი პარტიზანების გასანადგურებლად.

“ფაქტია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ზუსტად ერთ კვირაზე მეტ ხანს ვერ თუ არ შეინარჩუნა მშვიდობა. საქართველო კვლავინდებურად სისხლიანი პროვოკაციის საშიშროების წინაშე დგას”, წერს “რეზონანსი”. 

This post is also available in: English (ინგლისური)