“დილის გაზეთი”, “რეზონანსი”, “ახალი თაობა”
აფხაზეთის გარშემო შექმნილ ვითარებას ამწვავებს გუშინ გულრიფშში გაეროს დამკვირვებელთა ვერტმფრენის ჩამოგდებაც, რომელსაც რუს სამხედროებს უკავშირებენ. ქართველი პარტიზანების განცხადებით, გაეროს მისიის სამხედრო მეთვალყურეთა ვერტმფრენი ქართველებს არ ჩამოუგდიათ, რადგან საზენიტო დანადგარი ქართველ მებრძოლებს არ გააჩნიათ. “ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ვერტმფრენი რუსმა სამხედროებმა გამიზნულად ჩამოაგეს, რადგან აფხაზეთში ომის პროვოცირება მათ ინტერესებშია”, წერს “რეზონანსი”.
გაზეთს მიაჩნია, რომ გულრიფშში (კოდორის ხეობის ნაწილი აფხაზეთის სეპარატისტული რესპუბლიკის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე) არსებული მდგომარეობის პარალელურად, გამორიცხული არ არის, ვითარება სამეგრელოშიც დაიძაბოს. “ჯერ-ჯერობით, აფხაზების ზუგდიდში გადმოსვლის შესაძლებლობა არ არსებობს, მაგრამ მესამე ძალამ, რუსეთმა თუ ეს სცადა, ალბათ საქართველოს მთავრობაც ჩაერევა არსებულ ვითარებაში”, განუცხადა “რეზონანსს” “მებრძოლთა კავშირის” თავმჯდომარემ რუზგენ გოგოხიამ და დასძინა, რომ საქართველოს მთავრობა აფხაზეთთან დაკავშირებულ საკითხებში დიდი ხნის წინ უნდა ჩარეულიყო. არც თავად გაზეთია ხელისუფლების წევრების მიმართ მოწყალე და წერს, რომ სხვებისგან განსხვავებით, საქართველოს პრეზიდენტი მშვიდად არის და აცხადებს, რომ გულრიფშის რაიონში საგანგაშო არაფერი ხდება, მაშინ, როდესაც იქ აქტიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს რუსულ-აფხაზურ სამხედრო შენაერთებსა და ქართულ-ჩეჩნურ პარტიზანულ დაჯგუფებებს შორის.
“ახალ თაობა” ირონიულად არის განწყობილი საქართველოს ხელისუფლების მიმართ. მისი აზრით, როდესაც მსოფლიო ტერორიზმს ებრძვის, საქართველო იჩემებს ამ ბრძოლაში მონაწილეობას. “ძნელი გასაგებია მსოფლიოსთვის რა თამაშს თამაშობს შევარდნაძე, საქართველოს ლიდერი, რომელიც აშშ-ს პრეზიდენტს მხარდაჭერას ჰპირდება, მის ქვეყანაში კი ტერაქტები ხორციელდება და ისიც გაეროს დამკვირვებლებზე”, წერს გაზეთი.
მიუხედავად იმისა, რომ ჩეჩნების მოხვედრამ აფხაზეთში რუსეთს საბაბი მისცა იქ საომარი მოქმედებების წარმოებისა, “დილის გაზეთს” მიაჩნია, რომ მან მაინც გამოიღო ორი დადებითი შედეგი: “დაიღვარა სისხლი ჩეჩნებსა და აფხაზებს შორის (კავკასიაში ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია) და სეპარატისტებს საბოლოოდ მოესპოთ ილუზია, რომ “დამოუკიდებელ აფხაზეთში” მშვიდი და კომფორტული ცხოვრების საშუალება ექნებათ”.
This post is also available in: English (ინგლისური)