Site icon Civil.ge

უშიშროება “რუსთავი 2”-ის წინააღმდეგ

დღეს უშიშროების სამინისტროს დაახლოებით 30 წარმომადგენელი დამოუკიდებელი სამაუწყებლო ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ოფისში შეიჭრა და ხელმძღვანელობისგან კომპანიის ფინანსური დოკუმენტაციის შემოწმება მოითხოვა.

“რუსთავი 2”-მა უშიშროების სამინისტროს უნდობლობა გამოუცხადა და შემოწმებაზე უარი განუცხადა. როგორც კომპანიის ხელმძღვანელობა აცხადებს საგადასახადო ინსპექციამ მათი ფინანსური დოკომუმენტაცია ერთი კვირის წინ შეამოწმა და დარღვევები ვერ აღმოაჩინა, ამის თაობაზე საგადასახადო ინსპექციის სპეციალური დადგენილობაც არსებობს.

მას შემდეგ, რაც სამაუწყებლო კომპანიის ხელმძღგვანელობამ შემოწმების ჩატარებაზე უარი განაცხადა, უშიშროების თანამშრომლებმა კომპანიის ოფისი დატოვეს. კომპანიის წარმომადგენლებსა და უშიშროების თანამშრომლებს შორის კამათი “რუსთავი 2”-ის პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა.

“რუსთავი 2”-ის დამფუძნებელი ეროსი კიწმარიშვილი მიიჩნევს, რომ უშიშროების აღნიშნული ქმედება პოლიტიკური დაკვეთაა.

This post is also available in: English (ინგლისური)