“რუსთავი 2”-მა უშიშროების სამინისტროს უნდობლობა გამოუცხადა და შემოწმებაზე უარი განაცხადა. როგორც კომპანიის ხელმძღვანელობა აცხადებს საგადასახადო ინსპექციამ მათი ფინანსური დოკომუმენტაცია ერთი კვირის წინ შეამოწმა და დარღვევები ვერ აღმოაჩინა, ამის თაობაზე საგადასახადო ინსპექციის სპეციალური დადგენილობაც არსებობს.
მას შემდეგ, რაც სამაუწყებლო კომპანიის ხელმძღგვანელობამ შემოწმების ჩატარებაზე უარი განაცხადა, უშიშროების თანამშრომლებმა კომპანიის ოფისი დატოვეს, თუმცა შემოწმების ჩატარებას კვლავაც ითხოვენ.
კომპანიის წარმომადგენლებსა და უშიშროების თანამშრომლებს შორის კამათი “რუსთავი 2”-ის პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა.
უშიშროების სამინისტრო აცხადებს, რომ “რუსთავი 2”-ის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 26 ოქტომბერს აღიძრა გადასახადების დამალვის ბრალდებით. საუბარია 1,5 მილიონ ლარზე. რაც შეეხება საგადასახადო ინსპექციის დადგენილებას, უშიშროების სამინისტრო მას არ ცნობს და კომპანიის ფინანსური დოკუმენტაციის შემოწმებას თავად ითხოვს.
სამაუწყებლო კომპანიის წინააღმდეგ პირველი მუქარები შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გაისმა. 24 ოქტომბერს მინისტრმა კახა თარგამაძემ განაცხადა, რომ ტელეკომპანიის მიერ აქტიურად ხდება საზოგადოებრივი აზრის დამუშავება, რომელიც შ.ს.ს. დისკრედიტაციასა და ჟურნალიტ გიორგი სანაიას მკვლელობის სამინისტროს მაღალჩინოსნებზე გადაბრალებას ისახავს მიზნად.
თარგამაძემ განაცხადა, რომ ყველას ვინც კი მის წინააღმდეგ გამოვა “ბეჭებზე დააწვენს”.
შინაგან საქმეთა მინისტრის აღნიშნული განცხადება, გიორგი სანაიას მკვლელობასთან დაკავშირებით “რუსთავი 2”-ის მიერ გამოთქმულ ვარსიას მოჰყვა. ვერსიის მიხედვით გიორგი სანაია ფლობდა ინფორმაციას, რომელიც პანკისში არსებულ ნარკობიზნესში სამართალდამცველთა მაღალჩინოსნების მონაწილეობას ადასტურებდა. სწორედ ეს გახდა ჟურნალისტის მკვლელობის საბაბი.
იმავე დღეს, 24 ოქტომბერს, კახა თარგამაძის განცხადებას მოჰყვა მისი მოადგილის ზურაბ ჩხაიძის მუქარაც. “რუსთავი 2”-ის პირდაპირ ეთერში მან განცხადა, რომ სამინისტროს გააჩნია მასალები, რომელიც სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის უკანონო ქმედებებს ადასტურებს. მისი თქმით, უახლოეს მომავალში ამასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძვრებოდა.
ძალოვნების მუქარებს პრეზიდენტ შევარდნაძის მიერ 29 ოქტომბერს ორშაბათის ბრიფინგზე გაკეთებული განცხადებაც დაერთო. მისი თქმით თარგამაძის მხრიდან არ ჰქონია მუქარას ადგილი და მას არ უთქვამს, რომ “ბეჭებზე დააწვენს” მის მოწინააღმდეგეებს.
პრეზიდენტის მიერ თარგამაძის მისამართით დამცავი განცხადებების გაკეთებიდან ერთი დღის შემდეგ უშიშროების სამინისტრო, რომელიც ამ დაპირისპირებაში დღემდე არ ფიგურირებდა, “რუსთავი 2”-ის ოფისში შეიჭრა და სასამართლოს დადგენილების საფუძველზე კომპანიის ფინანსური საქმიანობის შემოწმება მოითხოვა.
“რუსთავი 2”-ის ხელმძღვანელობა და პარლამენტართა ერთი ნაწილი დამოუკიდებელი ტელეკომპანიის წინააღმდეგ დაწყებულ აშკარა ზეწოლაში უშუალოდ პრეზიდენტ შევარდნაძეს ადანაშაულებენ.
კომპანიის ოფისის წინ მიმდინარე მიტინგზე გამოსვლისას დეპუტატმა კობა დავითაშვილმა პრეზიდენტს პოსტიდან წასვლისაკენ მოუწოდა. ელენე თევდორაძემ კი პრეზიდენტს ძალოვნების წახალისებაში დასდო ბრალი, რის საფუძველზეც უშიშროებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებმა აშკარა დაშინების პოლიტიკას მიმართეს.
This post is also available in: English (ინგლისური)