საჯაიას თავში ერთი ტყვია აქვს მოხვედრილი. ის თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. “ეს იყო თვითმკვლელობის ჩადენილი მორალური ტერორის შედეგად”, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ.
რამდენიმე დღის წინ დეპუტატმა ბორის კაკუბავამ ნუგზარ საჯაია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ლიდერის ასლან აბაშიძის მკვლელობის ორგანიზებაში დაადანაშაულა.
არსებობს მოსაზრება, რომ თვითმკვლელობა სწორედ ამ ბრალდებასთან არის დაკავშირებული. გასულ კვირას საჯაიამ უარყო ყველა ბრალდება და გენერალური პროკურორისაგან მათი გამოძიება მოითხოვა.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მომხდართან დაკავშირებით უკვე აღძრა სისხლის სამართლის საქმე “თვითმკვლელობამდე მიყვანის” მუხლით.
მომხდარის კომენტარისას კაკუბავამ განაცხადა, რომ მის მიერ საჯაიასადმი წაყენებული ბრალდებები თვითმკვლელობასთან არაფერ შუაშია. “მე ამ ყველაფერთან არავითარი კავშირი არ მაქვს”, თქვა კაკუბავამ.
“ვფიქრობ, რომ თვითმკვლელობის საფუძველი მის წინააღმდეგ მიმართული კარგად დაგეგმილი ცილისწამებლური კამპანია გახდა”, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ. მისი თქმით, მომხდარი ქვეყნისთვის დიდ ტრაგედიას წარმოადგენს.
ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის ელენე თევდორაძის თქმით, ის ნუგზარ საჯაიას 25 თებერვალს უნდა შეხვედროდა და მის წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებზე უნდა ემსჯელა.
“ჩვენ 22 თებერვალს უკვე ვისაუბრეთ ამ თემაზე და მე მას (საჯაიას) ვუთხარი, თუ საიდან შეიძლება მომდინარეობდეს ბრალდებები და ვინ არის მათი წყარო”, განაცხადა ელენე თევდორაძემ, თუმცა დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.
60 წლის ნუგზარ საჯაია საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად 1995 წლიდან მუშაობდა. მიუხედავად იმისა, რომ მას საქართველოში ერთ-ერთი უყველაზე საპასუხისმგებლო თანამდებობა ეჭირა, ის უკანასკნელ დრომდე არასოდეს გამხდარა სახალხო მსჯელობის საგანი. საჯაია მოიაზრებოდა, როგორც პრეზიდენტ შევარდნაძისადმი ლოიალური დამოკიდებულების მქონე პირი.
This post is also available in: English (ინგლისური)