(თბილისი, 20 მაისი, “სივილ ჯორჯია”) – საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ჯუმბერ ლომინაძის განცხადებით, თვითმმართველობის ადგილობრივი ორგანოების არჩევნებამდე 10 დღით ადრე ცსკ მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. კომისიის თანამშრომლები, ფაქტიურად, 24 საათის განმავლობაში იმუშავებენ.
ლომინაძის ინფორმაციით, არჩევნების წინ საქართველოს პარლამენტმა კანონში “არჩევნების შესახებ” ცვლილებები შეიტანა, რომლებმაც 80-მდე გვერდი დაიკავა, რაც, თითქმის უკვე არსებული კანონის მოცულობის ტოლია. ლომინაძის თქმით, ეს იმაზე მეტყველებს, რომ საარჩევნო კაკონმდებლობა ჯერ კიდევ შორსაა სრულყოფისგან და დამუშავებას საჭიროებს.
ცსკ-ის თავმჯდომარემ ბრიტენულ რადიოსადგურ ბი-ბი-სი-ს კორესპონდენტთან საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ არჩევნებისთვის მწირი თანხებია გამოყოფილი, რაც დამატებით სირთულეებს ქმნის. თუმცა, როგორც მან აღნიშნა, ცსკ ყველაფერს გააკეთებს, რათა არჩევნები შედგეს დაგეგმილ ვადებში.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ივნისისთვისაა დაგეგმილი.This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)