(თბილისი, 20 მაისი, “სივილ ჯორჯია”) – 20 მაისს თავის ტრადიციულ რადიოინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა, რომ მისთვის სრულიად გასაგებია ის შენიშვნები, რომელიც საქართველოში რელიგიური უმცირესობების უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით ამერიკელმა სენატორებმა გამოთქვეს.
პრეზიდენტის თქმით, ეს პრობლემები კანონით უნდა დარეგულირდეს და ამჟამად იუსტიციის სამინისტრო მუშაობს კანონპროექტზე, რომელიც ადამიანებს რელიგიური მრწამსის გამო ზეწოლისა და დევნისგან დაიცავს.
განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ამასთან დაკავშირებით, შევარდნაძის თქმით, სამართალდამცავ ორგანოებს დაეკისრებათ.
19 მაისს პრეზიდენტმა შევარდნაძემ გამოსცა ბრძანებულება რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით.
“ასეთ ბრძანებულებებს პრეზიდენტი ყოველ წელს გამოსცემდა, მაგრამ შემდეგ კვლავ აუქმებდა. არა მგონია, რომ ამ ბრძანებულებასაც რაიმე კონკრეტული შედეგი მოჰყვეს, როგორც ამას ადრე არ მოჰყოლია”, – განაცხადა ტელეკომპანია “რუსთავი-2”-ის პირდაპირ ეთერში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა თინა ხიდაშელმა.
სულ ახლახანს ამერიკელმა სენტარებმა საქართველოს ხელისუფლების მიმართ პრეტენზიები გამოთქვა საქართველოში რელიგიური უმცირესობების უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)