Site icon Civil.ge

ჯერგენია და შამბა მოსკოვში კონსულტაციებს აწარმოებენ

(თბილისი, 27 მაისი, “სივილ ჯორჯია”) – 27 მაისს მოსკოვში აფხაზეთის თვითმარქვია რესპუბლიკის წარმომადგენლები კონსულტაციებს მართავენ რუსეთის ხელისუფლებასთან.

რუსეთის საიფორმაციო საშუალებების ცნობით, სოხუმის ხელისუფლების პრემიერ-მინისტრი ანრი ჯერგენია და საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოწესრიგების საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს ვალერი ლოშინინს ხვდებიან.

მოლაპარაკებების დღის წესრიგშია კოდორში შექმნილი სიტუაცია. აფხაზური მხარე ამტკიცებს, რომ ქართულმა მხარემ არ შეასრულა 2 აპრილის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და შეიარაღებული ძალები კოდორის ხეობიდან არ გაიყვანა.

23-24 მაისს ვალერი ლოშინინი თბილიში იმყოფებოდა ვიზიტით, სადაც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები გამართა აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში რუსეთის სამშვიდობო ძალების მანდატთან დაკავშირებით.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)