Site icon Civil.ge

“მოქკავშირის” ქვემო ქართლის რეგიონალური ორგანიზაცია დაიშალა

(თბილისი, 7 ივნისი, “სივილ ჯორჯია”) – “მოქალაქეთა კავშირის” ქვემო ქართლის რეგიონალური ორგანიზაციის წევრთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ პარტიის რიგები დატოვა.

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე რუსთავის მერობის კანდიდატმა მერაბ ტყეშელაშვილმა და მისმა მხარდამჭრებმა განაცხადეს, რომ ისინი უარს ამბობენ იყვნენ იმავე პარტიაში, რომლის წევრიც არის ქვემო ქართლის გუბერნატორი ლევან მამალაძე.

როგორც ზურაბ ჟვანიას თანამოაზრე მერაბ ტყეშელაშვილი აცხადებს, ლევან მამალაძე 2 ივნისს რუსთავში არჩევნების ჩაშლაზე არის პასუხისმგებელი.

ქვემო ქართლის გუბერნატორის მხარდამჭერმა დეპუტატმა გელა კვარაცხელიამ დღეს საპარლამენტო სხდომაზე ეს ბრალდება უარჰყო.

განმეორებითი არჩევნები რუსთავში 9 ივნისს იგეგმება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)