Site icon Civil.ge

სამხედრო წვრთნები ნამდვილი სროლებით გრძელდება

(თბილისი, 19 ივნისი, “სივილ ჯორჯია”) – ვაზიანის სამხედრო ბაზაზე მესამე დღეა გრძელდება სამხედრო წვრთნები “კოოპერატივ ბესტ ეფორტ 2002” ნატო-ს პროგრამა “პარტნიორობა მშვიდობისათვის” ფარგლებში, რომელშიც სულ 800-მდე სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს ნატო-ს 6 წევრი და 9 პარტნიორი ქვეყნიდან.

დღეს მეცადინეობები მიმდინარეობს ნამდვილ სროლებში, რომელშიც 3 ჯგუფად განაწილებული 300-მდე ჯარისკაცი იღებს მონაწილეობას. სროლებისას იყენებენ ავტომატებს, ტყვიამფრქვევებს, სნაიპერულ იარაღს და პისტოლეტებს. მეცადინეობები მიმდინარეობს კოკისპირული წვიმების თანხლებით.

სროლებზე პასუხისმგებელი ოფიცრის, მაიორ ოლივერის თქმით, ეს სროლები სამშვიდობო ოპერაციებს ემსახურება. “ასეთი მრავალფეროვნული სროლები ამ პროგრამის არსებობის ისტორიაში პირველად ტარდება”, – განაცხადა მაიორმა ოლივერმა.

სროლებში მონაწილე თითოეული ჯარისკაცი ყველა მონაწილე ქვეყნის იარაღიდან გაისრის. საღამოსთვის აირჩევენ რამდენიმე ჯარისკაცს, რომლებიც რაკეტებს გაისვრიან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)