(თბილისი, 10 სექტემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბათიაშვილმა პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ აფხაზი მეომრები კვლავ კოდორის ხეობაში რჩებიან.
აფხაზები საქართველოს მიერ კონტროლირებად ზედა კორორის ხეობაში აგვისტოს დასაწყისში შევიდნენ და ქართული სოფლებიდან 30-35 კილომეტრის დაშორებით დაბანაკდნენ. მოლაპარაკებების შემდეგ ისინი დათანხმდენენ უკან გასულიყვნენ და ქართულ მხარესთან ერთად, მათ მიერ დაკავებული ტერიტორიების განაღმვაზე ერთობლივად ემუშავათ.
ბათიაშვილის განცხადებით არსებობს საშიშროება რომ რუსეთი გამოიყენებს კოდორში მყოფ აფხაზებს და რეგიონში მდგომარეობის დაძაბავს.
კოდორში არსებული ვითარება განიხილეს დღეს გამართული შეხვედრისას საქართველოს საგანგებო დავალებათა მინისტრმა მალხაზ კაკაბაძემ და საქართველოში გაოროს გენერალური მდივნის პირადმა წარმომადგენელმა ჰაიდი ტალიავინმა.
როგორც მალხაზ კაკაბაძემ “სივილ ჯორჯიას” განუცხადა შეხვედრა კონფიდენციალური იყო. შეხვედრისას კოდორში განაღმვითი ოპერაციის ჩატარების საკითხი და გაეროს დამკვირვებელთა მიერ კოდორის მონიტორინგის პრობლემა განიხილეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)