(თბილისი, 12 სექტემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სოჩაში 11 სექტემბრისადმი მიძღვნილ შეხვედრაზე ფაქტიურად ულტიმატუმი წაუყენა საქართველოს და ის ტერორისტული საფრთხის წყაროდ დაასახელა. პუტინის განცხადებით, რუსეთს უფლება აქვს გამოიყენოს გაეროს კონვენციის 51-ე მუხლი, რაც რუსეთს საგარეო საფრთხისგან თავდაცვის უფლებას ანიჭებს.
რუსეთის პრეზიდენტმა სამართალდამცველ ორგანოებს რუსეთ-საქართველოს საზღვრის გამაგრება უბრძანა, ხოლო თავდაცვის სამინისტროსა და გენერალურ შტაბს დადევნების ოპერაციის შედეგად ტერორისტულ ბაზებზე დარტყმების გეგმის შემუშავება მოსთხოვა.
პუტინის განცხადებით, საქართველო იგნორირებას უკეთებს გაეროს უშიშროების საბჭოს 1372-ე რეზოლუციას. მისი თქმით, რუსეთი აუცილებლად მიმართავს გაეროს უშიშროების საბჭოს, რათა მას საქართველოს ტერიტორიის მხრიდან ტერორიზმის საფრთხის შესახებ მოახსენოს. “არავის შეუძლია იმის უარყოფა… რომ 11 სექტემბრის ტერორისტულ აქტებსა და მოსკოვში სახლების აფეთქების ორგანიზატორები საქართველოში იმალებიან”, დასძინა პუტინმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)