(თბილისი, 22 ნოემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – თბილისის მაცხოვრებლები, ცნობილ მხატვრებთან, მომღერლებთან, ხელოვნების მუშაკებთან და პოლიტიკოსებთან ერთად 21 ნოემბერს თბილისში ჩიქოვანის (ყოფილი ხილიანის) ქუჩაზე მდებარე აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე გრძელი მოხატული კედლის გახსნას დაესწრნენ.
პროექტი კომპანია “არსის” ინიციატივით განხორციელდა აქციის – “გადავარჩინოთ დედაქალაქის” ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს თბილისის “სიმახინჯეებისაგან გაწმენდას”.
300 მეტრის მოხატული კედელი, საცხოვრებელი კორპუსის მთელ სიგრძეზე მდებარეობს. მის მოხატვას სამხატვრო აკადემიის 40 სტუდენტის 40-დღიანი შრომა და 2 ტონა სხვადასხვა ფერის საღებავი დასჭირდა.
მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე, პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე და კულტურის მინისტრი სესილი გოგიბერიძე.
კედლის პირველადი ესკიზი მხატვარმა გია ბუღაძემ შეადგინა და სამხატვრო აკადემიის სტუდენტებს წარუდგინა, რომლებმაც შემდგომში საერთო იდეა შეუნარჩუნეს კედელს და საკუთარი ინტერპრეტაციით განავითარეს. ნახატები დაუმუშავებელ ბეტონზეა შესრულებული.
“ძალზედ რთული იყო, ბეტონზე მუშაობა” – აღნიშნავს ერთ-ერთი მხატვარი – ლაშა, – “ამას გარდა ჩვენ არც ვიყავით დარწმუნებული, რომ წვიმა არ გაანადგურებდა ნამუშევრებს”. მაგრამ როგორც აღმოჩნდა, წვიმამ ხელოვნების ეს ნიმუში ვერ ჩამორეცხა.
“ეს არის ფერადი კედელი, ქალაქის ფერად უბანში” – აღნიშნა გია ბუღაძემ კედლის გახსნის ცერემონიაზე. სამხატვრო აკადემიის სტუდენტებმა კი კედელს “ნიჭი ძალადობის წინააღმდეგ” უწოდეს.
კედლის საზეიმო გახსნის ცერემონია წარიმართა ნიკა მემანიშვილის კლასიკური მუსიკის ფონზე, თუმცა, სტუმრებს საშუალება ჰქონდათ მოესმინათ ასევე როკ და პოპ-ჯგუფებისთვისაც. დაინტერესებულ მოსახლეობას ასევე ჰქონდა საშუალება შეეძინა თანამედროვე ქართველი მწერლებისა და პოეტების წიგნები.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)