(თბილისი, 27 ნოემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – 27 ნოემბერს საქართველოს ნავთობკორპორაციის შენობასთან გარემოს დამცველთა საპროტესტო აქცია გაიმართა, რომლის მონაწილენიც ბორჯომის ხეობის დაცვას მოითხოვდნენ.
აქციის მონაწილეები, რომლებსაც კორპორაციის შენობასთან ბორჯომის ბოთლებში ჩასხმული ნავთი ჰქონდათ მიტანილი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის ბორჯომის ხეობაზე გავლასთან დაკავშირებით გამოთქვამდნენ პროტესტს და აცხადებდნენ, რომ საბოლოოდ ბორჯომის წყლები ასეთ სითხედ გადაიქცევა.
აქციის მონაწილენი მოითხოვენ, რომ 20-კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელმაც ბორჯომის ხეობაზე უნდა გაიაროს, ალტერნატიული მარშრუტით შეიცვალოს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ დღევანდელ პირობებში, როცა მსოფლიოში წყლის მარაგები მცირდება და როცა საზღვარგარეთ ბორჯომის წყლებს გაცილებით მეტი ფასი აქვს ვიდრე ნავთობს, ამ რესურსის დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის.
ნოემბრის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ნავტობსადების საქარტველოს მონაკვეთის ეკოლოგიურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. აშშ და აზერბაიჯანი საქართველოს ამ გადაწყვეტილების მიღებას აჩქარებენ.
გასულ თვეში ნავთობსადების მშენებლობასთან დაკავშირებით პროტესტი გამოთქვეს გარემოს დამცველმა და ადამიანის უფლებების დამცველმა საერთაშორისო და ბრიტანულმა ორგანიზაციებმა, რომლებიც თვლიან, რომ ნავთობსადენი რეგიონის ისედაც მყოფე ეკოლოგიას უფრო დააზარალებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)