Site icon Civil.ge

თბილისში “ბრითიშ პეტროლიუმის” მაღალჩინოსნები ჩამოვიდნენ

(თბილისი, 29 ნოემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – ნავთობსადენ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ეკოლოგიურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით თბილისში მიმდინარე კონსულტაციებს კომპანია “ბრითიშ პეტროლიუმის” რამდენიმე მაღალჩინოსანი შეუერთდა, მათ შორის კომპანიის აზერბაიჯანის განყოფილების ხელმძღვანელი დევიდ ვუდვორდი, ასევე ნავთობსადენის აღმასრულებელი დირექტორი მაიკლ თაუზნსთენდი.

არაოფიციალური ინფორმაციით, კომპანიის ოფისმა ისინი თბილისში საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლის მიზნით მოავლინა.

ტელეკომპანია “რუსთავი-2”-ის ცნობით, გარემოს დაცვის სამინისტროში მუშაობდნენ პასუხებზე, რომლებიც კომპანია “ბრითიშ პეტროლიუმიდან” მიიღეს ნავთობსადენის ეკოლოგიურ გარანტიებთან დაკავშირებით. წინასწარი ინფორმაციით, 32 პასუხიდან სამინისტროს ბევრი არ აკმაყოფილებს. საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრომ ოფიციალური ნებართვა მილსადენის მშენებლობასთან დაკავშირებით 30 ნოემბერს უნდა გასცეს.

27 ნოემბერს საქართველოს ნავთობკორპორაციის შენობასთან გარემოს დამცველთა საპროტესტო აქცია გაიმართა, რომლის მონაწილენიც ნავთობსადენის ბორჯომის ხეობაზე გავლასთან დაკავშირებით გამოთქვამდნენ პროტესტს და მოითხოდნენ, რომ 20-კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელმაც ბორჯომის ხეობაზე უნდა გაიაროს, ალტერნატიული მარშრუტით შეიცვალოს.

გასულ თვეში ნავთობსადების მშენებლობასთან დაკავშირებით პროტესტი გამოთქვეს გარემოს დამცველმა და ადამიანის უფლებების დამცველმა საერთაშორისო და ბრიტანულმა ორგანიზაციებმა, რომლებიც თვლიან, რომ ნავთობსადენი რეგიონის ისედაც მყოფე ეკოლოგიას უფრო დააზარალებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)