პოლიტიკური მიზნები ეკოლოგიურ უსაფრთხოებაზე მშვნივნელოვანი აღმოჩნდა
“ინვესტორები საქართველოს აძლევენ ეკოლოგიური უსაფრთხოების უპრეცედენტო გარანტიებს. ამდენად მილსადენის მშენებლობაზე დაწესებული ყველა შეზღუდვა მოხსნილ იქნა” – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ 2 დეკემბრის ბრიფინგზე.
“იმ შემთხვევაში თუკი რეგიონს შეექმნება ეკოლოგიური საფრთხე, მილსადენის მარშრუტი შეიძლება შეიცვალოს” – დასძინა შევარდნაძემ.
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი მილიონობით ბარელ აზერბაიჯანულ ნავთობს თურქეთში ჩაიტანს. მილის საერთო სიგრძე ათას შვიდას კილომეტერს აღემატება. მისი 280 კილომეტრიანი მონაკვეთი გაივლის საქართველოს სამხრეთ რეგიონებში, ანუ სწორედ იქ სადაც ეხლა ყველაზე მეტადაა საჭირო გაღარიბებული მოსახლეობის დასაქმება და ინფრასტრუქტურის განვითარება.
საქართველოს მთავრობა ნავთობსადენში არა მხოლოდ მნიშვნელოვან ეკონომიკურ შემოსავალს ხედავს. თბილისი დარწმუნებულია, რომ “ეს საუკუნის პროექტი” საქართველოს სტაბილურობისა და უსაფრთხოების გარანტიც გახდება, მოიზიდავს რა უცხოეთის პოლიტიკური და საქმიანი წრეების ინტერესს.
მაგრამ 3 მილიარდ დოლარად შეფასებული ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტის მომავალი, რომელსაც აშშ-ც მხარს უჭერს, ამ სულ რამოდენიმე დღის წინ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა მილსადენის მარშრუტის 17 კილომეტრიანი მონაკვეთის გამო, რომელმაც ბორჯომის ხეობაზე გადის.
ბორჯომის ხეობა – ეს არის ულამაზესი მთები ნაძვის ტყეებით და სათხილამურო კურორტებით. გეგმის თანახმად მილსადენი გაივლის ბორჯომის ხეობის რვა მდინარის სათავესთან ახლოს და ერთ ფერდობზე, რომელიც დამოუკიდებელ ექსპერტებს უაღრესად მეწყერსაშიშად მიაჩნიათ. მრავალ ქართველ და უცხოელ ექსპერტს მიაჩნია, რომ ბუნებრივი კატაკლიზმით ან ადამიანური ფაქტორით (ტერორისული აქტი, მილსადენის არასწორი ექსპლუატაცია) მილსადენის დაზიანება გამოუსწორებელ ზარალს სწორედ ამ მონაკვეთზე გამოიწვევს.
ბორჯომის ხეობაში მილსადენის გახეთქვის შემთხვევაში სულ რაღაც ოთხ საათში ათეულობით ათასი ტონა ნავთობი ბორჯომ-პარკში იქნება, მაგრამ გარდა ბორჯომის უნიკალური ბუნებისა, საქართველომ შეუძლება სამუდამოდ დაკარგოს თავისი კიდევ ერთი უძვირფასესი ბუნებრივი რესურსი – ბორჯომის მინერალური წყალი. ეს საფრთხე არა მარტო გარემოსდამცავ ორგანიზაციებს და რიგით პატრიოტებს აღელვებს.
ბორჯომის ხეობა საქართველოს რამოდენიმე უმსხვილესი კომპანიის ნედლეულის ბაზაა. ბორჯომის წყალი დღეისათვის მსოფლიოს 25-მდე ქვეყანაში გადის, ხოლობორჯომის წყლის მწარმოებელ კომპანიებს სახელმწიფო ბიუჯეტში მილიონობით დოლარი შეაქვთ და ასეულობით ადგილობრივი ადამიანი ჰყავთ დასაქმებული.
“საქართველოს მინისა და მინერალური წყლების კომპანია” (წწწ.ბორჯომი.ცომ.გე) მათ შორის უდიდესია და ყველაზე მეტად ეწინააღმდეგება მილადენის ბორჯომის ხეობაში გავლის გეგმას.
დამოუკიდებელი ექპპერტებისა და საქმიანი წრეების შეშფოთებას მხარი დაუჭირა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურების მინიტრმა ნინო ჩხობაძემ, რომელიც 1 დეკემბრის გვიან საღამომდე უარს აცხადებდა ბორჯომის ხეობაში მილსადენის მშენებლობის ნებართვის გაცემაზე. მაგრამ პრეზიდენტ შევარდნაძესთან მოლაპარაკებების შემდეგ, ჩხობაძე დათანხმდა ხელი მოეწერა ამ ნებართვაზე.
ეკოლოგიური უსაფრთხოების მიზეზით საქართველოს მთავრობამ საკმაოდ გააჭიანურა მილსადენის მშენებლობის დაწყებისათვის ასეთი “ეკოლოგიური ნებართვის” გაცემა. ეს გარემოება ძალიან აშფოთებდა საქართველოს მეზობელსა და სტრატეგიულ პარტნიორს – აზერბაიჯანს და ისეთ მეგობრებს, როგორიცა აშშ, დიდი ბრიტანეთი და ა.შ. გასულ კვირას საქართველოში ჩამოვიდა “ბრითიშ პეტროლიუმ აზერბაიჯანის” პრეზიდენტი დევიდ ვუდვორდი, რათა საქართველოს ხელისუფლებისგან მშენებლობის დაწყების ნებართვა მიეღო.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სულ რამოდენიმე დღის წინ, 24-26 ნოემბერს, თბილისში ასევე იმყოფებოდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის უფროსი მრჩეველი კასპიის ენერგეტიკის საკითხებში სტივენ მანი. უაღრესად გამოცდილი ამერიკელი დიპლომატი ქართული მხარის მრავალ წარმომადგენელს შეხვდა, ვიზიტის ბოლოს კი ნავთობსადენის საკითხები პრეზიდენტ შევარდნაძესთან განიხილა.
შეხვედრათა უმრავლესობა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. 25 ნოემბერს პრეზიდენტ შევარდნაძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე, რომელსაც საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის პრეზიდენტი გია ჭანტურია და აშშ-ს ელჩი საქართველოში რიჩარდ მაილსიც ესწრებოდნენ, სტივენ მანმა საკმაოდ დიპლომატიურად განაცხადა: “აშშ-ს მთავრობა არც აშენებს ამ მილსადენს და არც ფულს იხდის მის აშენებაში. ჩემი ვიზიტის მიზანი მხოლოდ პროცესის მიმდინარეობის შესწავლაა”.
მაგრამ კონფერენციის მსვლელობისას მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონსორციუმის მიერ შემუშავებული მილსადენის მარშრუტის ოპტიმალურობაში ეჭვი არ ეპარება, რადგან მის შექმნაში უზარმაზარი შრომა, სახსრები და მსოფლიოს უდიდესი კომპანიების ინტერესებია ჩადებული. ამდენად, მისი აზრით მილსადენის ბორჯომის მონაკვეთის ალტერნატიული მარშრუტით შეცვლის მოთხოვნა საფუძველს მოკლებულია.
მანმა აქვე დასძინა, რომ ამჟამად მიმდინარე ცხარე კამათი მთავრობასა (ანუ გარემოს დაცვის სამინისტროსა) და კონსორციუმს შორის ეკოლოგიური უსაფრთხოების საკითხზე “არის სრულიად კანონზომიერი პროცესი და კონსორციუმიც და ყველა სხვა დაინტერესებული მხარე გულწრფელად მიესალმება ასეთ დიალოგს”.
მანის განცხადების გასაძლიერებლად საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის პრეზიდენტმა გია ჭანტურიამ ამაყად განაცხადა, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის ეკოლოგიური უსაფრთხოების შესწავლას თავისი მასშტაბითა და სიღრმით მსოფლიოს ისტორიაში ანალოგი არ გააჩნია. მან ასევე მთელი პასუხისმგებლობით განაცხადა, რომ მის კორპორაციას, რომელიც იქნება მილსადენის საქართველოს მონაკვეთის ოპერატორი, აქვს ყველა საჭირო რესურსი რათა უზრუნველყოს ობიექტის სწორი ექსპლუატაცია, მენეჯმენტი და მონიტორინგი რათა ავარიის ალბათობა 0-მდე იქნას დაყვანილი. ჭანტურიამ განაცხადა, რომ კონსორციუმი გამოიყენებს ყველაზე მილსადენის მონიტორინგის უკანასკნელ ტექნოლოგიებს და ნავთობის გაჟონვის თავიდან აცილების მიზნით.
ჭანტურიას სიტყვებით, თავად მილის სიმტკიცე გათვლილია 12-ბალიანი სიმძლავრის მიწისძვრაზე, თუმცა იქვე დასძინა, რომ ასეთი მიწისძვრის შემთხვევაში ნავთობსადენი ალბათ უკვე არავის გაახსენდება.
მილსადენის წინააღმდეგ საბოტაჟურ ქმედებებთან დაკავშირებით, სტივენ მანმა აღნიშნა, რომ მისი აზრით ასეთი რეალური საფრთხე არ უნდა ასრებობდეს, თუმცა საქართველოს უკვე შესწევს ძალა უზრუნველყოს მილის უსაფრთხოება არა მხოლოდ ბორჯომში, არამედ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და დასძინა, რომ “წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამის მეორე ფაზაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სამხედრო შენაერთების მომზადებას მილსადენის და მსგავსი ობიექტების დაცვის ოპერაციებისათვის.
კონფერენციის დასასრულს სტივენ მანმა განაცხადა, რომ ის “პირადად დარწმუნდა, რომ პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული სამუშაოები საქართველოში აქტიურად, შედეგიანად და წინასწარ დაგეგმილი გრაფიკის დაცვით მიმდინარეობს” და დასძინა, რომ დარწმუნებულია ეკოლოგიური უსაფრთხოების საკითხის დადებიდათ გადაწყვეტაში.
მილსადენის მშენებლობის ნებართვაზე გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მხოლოდ მას შემდეგ, რაც კამათში პირადად ჩაერთო პრეზიდენტი შევარდნაძე. “საბოლოო გადაწყვეტილებას პრეზიდენტი ღებულობს და მე პირადად ვარ პასუხისმგებელი ამ გადაწყვეტილებაზე [ბორჯომის ხეობის გავლით მილსადენის მშენებლობის ნებართვის თაობაზე]” – განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ 2 დეკემბერს. თუმცა, აშკარაა, რომ სინამდვილეში პოლიტიკურმა მიზნება რეალური ეკოლოგიური მოსაზრებები გადაწონა.
დავიტ ნოზაძე, სივილ ჯორჯია
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)