Site icon Civil.ge

პუტინი შევარდნაძეს მადლობას უხდის გადამჭრელი მოქმედებებისთვის

(თბილისი, 9 დეკემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – ვლადიმირ პუტინმა “მადლობა მოუხადა საქართველოს პრეზიდენტს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრზოლაში გადამჭრელი მოქმედებებისთვის”, – ამის შესახებ იტყობინება სააგენტო “რია ნოვოსტი”.

“ეს ის ქმედებებია, რომლებიც მთლიანად შეესაბამება კიშინიოვში მიღწეულ შეთანხმებებს”, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა 9 დეკემბერს კრემლში რუსეთის მთავრობის წევრებთან ტრადიციული თათბირის გახსნისას.

ამასთან პუტინმა აღნიშნა, რომ საქართველოს სპეცსამსახურებმა “ჩაატარერს რიგი ღონისძიებებისა, გაანადგურეს განსაკუთრებით ოდიოზური ტერორისტები, მათ შორის ისინიც, ვინც მოსკოვში საცხოვრებელი სახლების აფეთქებებში იღებდნენ მონაწილეობას”.

რუსეთის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ “საქართველოსა და რუსეთის სპეცსამსახურებსა და სამართალდამცავ ორგანოებს შორის ასეთი თანამშრომლობა დაეხმარება არამარტო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას, არამედ ხელს შეუწყობს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების უფრო მაღალ ხარისხობრივ დონეზე გაყვანას”.

6 ოქტომბერს მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში გამართულ შეხვედრაზე პუტინი და შევარდნაძე ტერორიზმთან ბრძოლაში თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ. იმავე შეხვედრაზე შევარდნაძე პუტინს თბილისში წინასწარ პატიმრობაში მყოფი ჩეჩნების გადაცემასაც დაპირდა, რომლებიც 3-5 აგვისტოს ქართველმა მესაზღვრეებმა რუსეტის საზღვართან ახლოს დააკავეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)