Site icon Civil.ge

პარლამენტი და მთავრობა ხელფასების გაზრდის საკითხს განიხილავენ

(თბილისი, 10 იანვარი, 2003, სივილ ჯორჯია) – “გაერთიანებული დემოკრატების” ლიდერმა ზურაბ ჟვანიამ პარლამენტს და მთავრობის წარმომადგელებს დღეს წარუდგინა პროექტი მინიმალური ხელფასების საარსებო მინიმუმამდე გაზრდის თაობაზე.

“გაერთიანებული დემოკრატები” მოითხოვენ, რომ ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში დამატებით გათვალისწინებული იქნას 116 მილიონი ლარი, რაც მათი აზრით, შესაძლებელკს გახდის მინიმალური ხელფასების საარსებო მინიმუმამდე გაზრდას, რომელიც ამჯამად 115 ლარს შეადგენს.

ფინანსთა მინისტრმა მირიან გოგიაშვილმა, რომელიც პროექტის წარდგენას ესწრებოდა, განაცხადა, რომ ხელფასების გაზრდა “ქვეყნის ეკონომიკაზე დამანგრეველ ზემოქმედებას მოახდენს”, თუმცა მინისტრს არ დაუკონკრეტებია, რას გულისხმობდა ამ ზემოქმედებაში.

“მთავრობას სჭირდება დრო, რომ ზუსტად გაიანგარიშოს ხელფასების გაზრდის შესაძლო ზემოქმედება”, თქვა გოგიაშვილმა.

გასული წლის დეკემბრიდან “გაერთიანებული დემოკრატები” აქტიურად ცდილობენ ამ საკითხის ფორსირებას. დეპუტატების ნაწილმა 2003 წლის ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირა იმის გამო, რომ მთავრობამ არ მიიღო “გაერტიანებული დემოკრატების” წინადადება მინიმალური ხელფასების გაზრდის თაობაზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)