(თბილისი, 16 იანვარი, 2003, სივილ ჯორჯია) – “გაერთიანებული დემოკრატები” აღმასრულებელი ხელისუფლებისგან მოითხოვენ პარლამენტის დადგენილების შერულებას აფხაზეთის კონფლიქტის ზონიდან რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანის თაობაზე.
“გაერთიანებული დემოკრატების” საპარლამენტო ფრაქციის ლიდერმა გიორგი ბარამიძემ 15 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დემოკრატები ამ საკითხს პარლამენტის უახლოესი სესიის დღის წესრიგში დააყენებენ.
2002 წლის 26 აგვისტოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომლითაც მთავრობას რეკომენდაცია მისცა არ გაუგრძელოს მანდატი აფხაზეთში განთავსებულ რუსულ სამშვიდობო ძალებს.
“ჩვენ [გარეთიანებული დემოკრატები] მთლიანად მხარს ვუჭერთ აფხაზეთიდან დევნილთა საპროტესტო აქციას, რომლებიც რუსეთსა და აფხაზეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლის შეწყვეტას და აფხაზეთიდან რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანას მოითხოვენ”, – განაცხადა ბარამიძემ.
დევნილები ენგურის ხიდზე ატარებენ თავიანთ აქციას.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)