(თბილისი, 30 იანვარი, 2003, სივილ ჯორჯია) – “მე არ მომიწერია ხელი დოკუმენტზე რუსული სამშვიდობო ძალებისთვის (აფხაზეთში) მანდატის გაგრძელების თაობაზე და არ მოვაწერ ხელს მანამ, ვიდრე არ შესრულდება ჩვენი მოთხოვნები”, – განუცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ ჟურნალისტებს კიევიდან დაბრუნებისას, სადაც იგი დსთ-ის ლიდერთა არაფორმალურ სამიტში მონაწილეობდა.
საქართველო რუსეთსა და აფხაზეთს შორის განახლებული სარკინიგზო მიმოსვლის შეწყვეტას, აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლებისთვის მასობრივ ფორმებში რუსეთის მოქალაქის პასპორტების გაცემის შეჩერებას და კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო ოპერაციის ფორმატის გაფართოებას მოითხოვს.
შევარდნაძის ინფორმაციით, რუსული და ქართული მხარეები შექმნიან სპეციალურ სამთავრობათშორისო კომისიას, რომელიც ამ საკითხებს შეისწავლის.
“ორი ან სამი კვირა, ან შეიძლება ერთი თვეც კი დასჭირდეს კომისიას დასკვნის გამოსატანად”, – განაცხადა შევარდნაძემ 29 იანვარს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)