(თბილისი, 6 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – “პანკისის ხეობაში ჯერ კიდევ რჩებიან ცალკეული პირები, რომელთაგანაც ხეობა გაზაფხულის დადგომამდე უნდა გაიწმინდოს”, – განაცხადა დღეს საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ პანკისის ხეობასი გასულ წელს ჩატარებული ანტიკრიმინალური ოპერაციის ხელმძღვანელთა დაჯილდოების ცერემონიაზე.
შევარდნაძის თქმით, სამართალდამცავი ორგანოები კარგად უნდა მოემზადონ გაზაფხულისთვის, რადგან კვლავ მოსალოდნელია რუსეთიდან შეიარაღებული პირების გადმოსვლა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა გაერო-ს უშიშროების საბჭოსადმი 5 თებერვალს გაკეთებულ მიმართვაში განაცხადა, რომ “ალ-ქაიდას” ერთ-ერთმა გავლენიანმა პირმა ალ-ზარქავიმ ევროპაში ტერორისტული ქსელი შექმნა, რომლის ერთ-ერთი განყოფილება პანკისშიც არსებობდა.
“ჩვენ ვიცით, რომ ზაქრავისთან დაახლოებული პირები აქტიურობდნენ პანკისის ხეობაში, ჩეჩნეთსა და რუსეთში. შეთქმულება, რომელიც მათ აკავშირებთ, უბრალო ლაყბობა არ არის. ზარქავის ორგანიზაციის წევრები ამბობენ, რომ მათი მიზანი იყო რუსეთის მოქალაქეების მოწამვლა”, – თქვა პაუელმა.
საქართველოს უშიშროების სამინისტრომ 6 თებერვალს განაცხადა, რომ პანკისის ხეობაში 60-მდე კრიმინალი რჩება, რომლებიც წინააღმდეგობასი მოდიან საქართველოს კანონმდებლობასთან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)