(თბილისი, 15 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე შეიძლება განხილული იქნას საკითხი ამ ორგანიზაციიდან საქართველოს გარიცხვის თაობაზე. ამის შესახებ 14 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა ევროსაბჭოს მონიტორინგის ჯგუფის წარმომადგენელმა მატიას იორშიმ.
ევროსაბჭოს მონიტორინგის ჯგუფის დელეგაცია საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა 12-15 თებრვალს. დელეგაციის მიზანია საქართველოს მიერ ევროსაბჭოში შესვლისას აღებული ვალდებულებების შესრულების გაკონტროლება. დელეგაციის წევრები საქარტველოს ხელისუფლების, ოპოზიციისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
დელეგაციამ სინანული გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში გაიზარდა ძალადობა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების და რელიგიური უმცირესობების მიმართ, ასევე გასული წლის ივნისში ჩატარებული ადგილობრივი არჩევნების დროს დაფიქსირებული მრავალრიცხოვან დარღვევებთან დაკავშირებით.
მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდეს, რომ უზრუნველყოს 2003 წლის ოქტომბრისთვის დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების სამართლიანი და დემოკრატიული ჩატარება.
ამ ჯგუფის წარმომადგენლები საქართველოში კიდევ ერთხელ ჩამოვლენ ივნისში, რათა შეამოწმონ, როგორ სრულდება ევროსაბჭოს რეკომენდაციები.
მატიას იორშიმ განაცხადა, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება არ შეასრულებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეკომენდაციებს, გამორიცხული არ არის, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელთა ერთმა ჯგუფმა ორგანიზაციიდან საქართველოს გარიცხვის საკითხი დააყენოს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)