Site icon Civil.ge

სახელმწიფო მინისტრი რელიგიური ძალადობის აღკვეთის პირობას იძლევა

(თბილისი, 18 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – ბაპტისტურ-ევანგელისტურ ეკლესიაში რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებთან შეხვედრისას 18 თებერვალს სახელმწიფო მინისტრმა ავთანდილ ჯორბენაძემ “პრეზიდენტ შევარდნაძის სახელით” ბოდიში მოიხადა რელიგიურ უმცირესობებზე განხორციელებული თავდასხმების გამო.

“ჩვენ აღელვებულნი ვართ რელიგიური უმცირესობების წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმებისა და დევნის გამო, და ჩვენ მზად ვართ თქვენთან თანამშრომლობისთვის”, – განაცხადა ავთანდილ ჯორბენაძემ ამ შეხვედრაზე.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებიც. ისინი მიესალმნენ სახელმწიფო მინისტრის განცხადებას და იმედი გამოთქვეს, რომ “ხელისუფლების გადაწყვეტილება რელიგიური ძალადობის აღკვეთის თაობაზე არ დარჩება მხოლოდ ფორმალურ დაპირებას”.

24 იანვარს გლდანის მართლმადიდებლური ეპარქიის მეთაურის ბასილ მკალავიშვილის მომხრეებმა დაარბიეს ეკუმენისტური ლოცვა ბაპტისტურ-ევანგელისტურ ეკლესიაში, რომელშიც მონაწილეობდნენ სომხური სამოციქულო ეკლესიის, რომის კათოლიკური ეკლესიის, ლუთერანული ეკლესიის. ქართული მართლმადიდებლური ეკლესიისა და ბაპტისტურ-ევანგელისტური ეკლესიის წარმომადგენლები.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)