(თბილისი, 24 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე პანკისის ხეობაში დამატებითი ანტიკრიმინალური ღონისძიებების ჩატარების იდეას დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ მისი მიზანი ხეობაში სტაბილური ვითარების შენარჩუნება იქნება.
“ეს ღონისძიებები ხეობაში მშვიდობიანი მოსახლეობისა და იქ მყოფი ჩეჩენი ლტოლვილების მშვიდობიან ცხოვრებას უზრუნველყოფს, ასევე ბოლომდე მოხდება არსებული მცირე კრიმინალური დაჯგუფებებისგან გაწმენდა, რომლებიც იქ აფარებენ თავს და მომავალში შეიარაღებული დაჯგუფებების შესაძლო გადმოსვლის აღმოფხვრის”, – განაცხადა დღევანდელ რადიოინტერვიუში პრეზიდენტმა შევარდნაძემ.
მისი თქმით, შს, უშიშროების და თავდაცვის სამინისტროების მიერ ჩატარებულმა ღონისძიებებმა დადებითი შედეგები გამოიღო. “მოსახლეობა მშვიდობიან ვითარებაში ცხოვრობს,” – აცხადებს პრეზიდენტი.
იგი ასევე დადებით ტენდენციად მიიჩნევს ახმეტის რაიონში ახალი ელექტროსადგურის “ხადორის” მშენებლობას, რომელიც ჩინეთის მთავრობის მიერ ფინანსდება და ოქრომბრის თვეში შევა ექსპლუატაციაში. პრაზიდენტის თქმით, ეს ჰესი ელექტროენერგიით უზრუნველყოფს ახმეტის და მიმდებარე რაიონებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)