(თბილისი, 25 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – ვაშინგტონში დაიწყო მოლაპარაკებები “ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა” და “შაჰ-დენიზის გაზსადენის” პროექტების დაფინანსებასთან დაკავშირებით, რომელშიც მონაწილეობენ აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის წარმომადგენლები.
საქართველოს მხარეს პრეზიდენტ შევარდნაძის დავალებით წარმოადგენს საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის პრეზიდენტი გიორგი ჭანტურია.
ვაშინგტონში უკვე გაიმართა შეხვედრები მსოფლიო ბანკში, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციაში და ამერიკის “ექსიმ-ბანკში”, რომლებშიც მონაწილეობა მიიღეს აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის დელეგაციებმა. ამ საკითხთან დაკავშირებით, ასევე დაგეგმილია სამივე ქვეყნის პრეზიდენტების სპეციალურ წარმომადგენელთა შეხვედრები აშშ-ს კონგრესსა და სენატში.
საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის პრეზიდენტი გიორგი ჭანტურია, საგანგებო შეხვედრას გამართავს ამერიკის თავდაცვისა და შეიარაღების მწარმოებელ კომპანია “ნორთროპ გრუმანის” ხელმძღვანელობასთან, სადაც განხილული იქნება ნავთობსადენის უსაფრთხოების სპეციალური სისტემების პროგრამების შემუშავების საკითხები.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)