(თბილისი, 11 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა სოჭში საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის შესახებ დეტალური ინფორმაციის მოსმენა მოითხოვეს. ამისათვის დეპუტატები საგანგებო სიტუაციებისა და საგარეო საქმეთა მინისტრების მალხაზ კაკაბაძისა და ირაკლი მენაღარიშვილის საკანონმდებლო ორგანოში მიწვევის საკითხის დღის წესრიგში დაყენებას მოითხოვენ.
“ჩვენ გვაინტერესებს დეტალური ინფორმაცია შევარდნაძისა და პუტინის შეხვედრის შესახებ. რა შეთანხმებას მიაღწიეს და რა შედეგი მოჰყვება ამას. მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაცია არამარტო ჩვენ, არამედ საზოგადოებასაც მიეწოდოს”, – განაცხადა ფრაქცია “დემოკრატიული აღორძინების” თავმჯდომარემ ჯემალ გოგიტიძემ.
მან ასევე მოითხოვა პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის მისვლა და პირადად მისგან ინფორმაციის მოსმენა სოჭში ვიზიტის შესახებ.
პარლამენტის თავმჯდომარის, ნინო ბურჯანაძის ინფორმაციით, იგეგმება ფრაქციების ლიდერების შეხვეედრა პრეზიდენტთან, სადაც ამ საკითხებზე იქნება საუბარი.
6-7 მარტს სოჭში საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა შედგა, სადაც ძირითადად აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების შესახებ იმსჯელეს. როგორც პრეზიდენტმა შევარდნაძემ 10 მარტს თავის რადიო-ინტერვიუში განაცხადა, მიღწეული იქნა შეთანხმება სარკინიგზო მიმოსვლისა და აფხაზეთში დევნილების დაბრუნების საკითხების პარალელურ მოგვარებაზე.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)