Site icon Civil.ge

პრეზიდენტი არ აპირებს პარლამენტის ინფორმირებას პუტინთან შეხვედრის დეტალების შესახებ

(თბილისი, 17 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე უკმაყოფილოა პარლამენტის მხრიდან გამოთქმული პრეტენზიებით სოჭში რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის დროს მიღწეული შეთანხმებების დეტალების დაფარვის თაობაზე.

“ართერთი ქვეყნის პრეზიდენტი არ არის ვალდებული, გაავრცელოს კონფიდენციალური ინფორმაცია. რისი გახმაურებაც შეიძლებოდა, ჩვენ ამის შესახებ განვაცხადეთ. პარლამენტის წინაშე მაშინ წარვდგებით, როცა მომზადდება მიღწეული შეთანხმების შესახებ დოკუმენტი და მისი რატიფიცირება გახდება საჭირო”, – განაცხადა დღევანდელ რადიოინტრევიუში საქართველოს პრეზიდენტმა.

მისი თქმით, პუტინთან პირისპირ შეხვედრაზე განხილული იყო ორმხრივი ურთიერთობის მთელი სპექტრი. ყველაზე მნიშვნელოვნად კი იგი აფხაზეთზე გავლით რკინიგზის ამუშავებას და ლტოლვილების დაბრუნების პარალელურად განხორციელებას მიიჩნევს.

შევარდნაძე უარყოფს ინფორმაციას, თითქოს, ამავე ინიციატივით მოსკოვში პირველად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ასლან აბაშიძე იმყოფებოდა, რომელიც პრეზიდენტის წარმომადგენელია აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების საკითხში.

“აბაშიძე ჩემთან არც მოსულა და არც შეთანხმებულა ამ საკითხთან დაკავშირებით”, – განაცხადა შევარდნაძემ.

სოჭში მიღწეული შეტანხმებების სარეალიზაციოდ პრეზიდენტმა საგანგებო დავალებათა მინისტრს მალხაზ კაკაბაძეს დაავალა უშიშროების ეროვნულ საბჭოსთან ერთან იზრუნოს სპეციალური ჯგუფის შექმნაზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)