(თბილისი, 24 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – რუსეთის საზღვართან ახლოს ამერიკული სადაზვერვი თვითმფრინავების ფრენის გახშირების გამო 22 მარტს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის საელჩოს მოსკოვში საპროტესტო ნოტა გაუგზავნა, რომლითაც ვაშინგტონი “ცივი ომის ტაქტიკის” გამოყენებაში დაადანაშაულა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 22 მარტს ამერიკულმა სტრატეგიულმა სადაზვერვო თვითმფრინავმა “უ-2”-მა რუსეთის საჰაერო სივრცის საზღვრიდან 20-30 კმ-ის დაშორებით საქართველოს ტერიტორიაზე გადაიფრინა.
“ასოშიეითედ პრესის” ცნობით, აშშ-ის საელჩომ ამ განცხადებას კომენტარი არ გაუკეთა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, რომ ბოლო დროს ეს მესამე ასეთი შემთხვევაა. პირველად რუსეთის საზღვართან ახლოს საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკული სადაზვერვო თვითმფრინავი 27 თებერვალს დაფიქსირდა, მეორედ კი – 7 მარტს.
“აშშ, როგორც ცნობილია, ასეთ გაფარენების მიზნად საერთაშორისო ტერორისტებისა და მათი ბაზების აღმოჩენას ასახელებს”, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
“მაგრამ ჩვენ უკვე ვაცნობეთ ამერიკულ მხარეს ჩვენი აღელვების შესახებ რუსეთის საზღვართან ახლოს ასეთი სადაზვერვო საქმიანობის გამო, რომელიც ნაკლებად თუ წაადგება საერთაშორისო ტერორიზმთან ბრზოლას და უფრო მეტად “ცივი ომის” პრაქტიკასთან მიბრუნებას მოგვაგონებს”, – ხაზგასმულია განცხადებაში.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ასეთ სადაზვერვო საქმიანობას უფრო უადგილოდ მიიჩნევს ამჟამინდელ საერთაშორისო ვითარებაში, რომელიც ერაყში აშშ-ის მიერ დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად შეიქმნა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)