(თბილისი, 27 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველმა კასპიის რეგიონში ენერგეტიკული სტრატეგიის საკითხებში სტივენ მანმა განაცხადა, რომ არაფერი შეიცვლება აშშ-ის პოზიციაში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტის მიმართ ერაყის პრობლემის გამო აშშ-სა და თურქეთს შორის წარმოშობილი უთანხმოებების მიუხედავად.
“საექსპორტო მილსადენების პროექტები ეფუძნება ფულნამენტურ ლოგიკას და გრძელვადიან სტრატეგიას, ამიტომ მათზე ვერ იმოქმედებენ ისეთი მოვლენები, რომლებიც კასპიის რეგიონის მიღმა ხდება”, – განუცხადა მანმა რადიო “თავისუფლებას”.
აშშ-ს ეს პროექტი სტრატეგიული თვალსაზრისით ესაჭიროება, – აღნიშნა მანმა და დასძინა, რომ ახლა მის მონაწილეებს მეტი ყურადღება სჭირდებათ პროექტის კომერციული მაჩვენებლების გასაუმჯობესებლად, რადგან ერაყში ომის დასრულების შემდეგ ბაზარზე მეტი ნავთობი შემოვა ერაყიდან, და ასევე გაძლიერდება ბრძოლა ენერგეტიკულ სექტორში ინვესტიციების მოსაზიდად.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)