Site icon Civil.ge

პარლამენტის პლენარული სხდომა ქვორუმის არარსებობის გამო არ შედგა

(თბილისი, 17 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – დღეს პარლამენტში პლენარული სხდომა ქვორუმის არარსებობის გამო ვერ გაიხსნა. დეპუტატებმა ორჯერ გაიარეს რეგისტრაცია, თუმცა უშედეგოდ.

დღესვე სახელისუფლებო და ოპოზიციური ფრაქციები ცალ-ცალკე ატარებდნენ კონსულტაციებს პარლამენტის თავმჯდომარესთან ნინო ბურჯანაძესთან საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით.

“მოხარული ვარ, რომ შევძელით რამდენიმე საკითხზე კონსესუსის მიღწევა. შეხვედრებზე შეთანხმების გარკვეული პოზიციები გამოიკვეთა, თუმცა საკმრისი არ არის საერთო კონსესუსის მისაღწევად’, – განაცხადა ბურჯანაძემ პარლამენტის პლენარული სხდომის გახსნის მცდელობისას.

ნინო ბურჯანაძემ სხდომათა დარბაზში არასაკმარისი დეპუტატების ყოფნის გამო სხდომის გაგრძელება არამართებულად მიიჩნია და დეპუტატებს 18 ივნისს სხდომაზე სრული დასწრება მოთხოვა. მან ფრაქციებს ასევე შესთავაზა კონსულტაციების გაგრძელება და მასში ყველა პარტიის წარმომადგენელის ჩართვა ითხოვა, მათ შორის “აღორძინების კავშირიდანაც”.

დღეს პარლამენტს საარჩევნო კოდექსში ცვლილებების და აფხაზეთის საკითხის შესახებ უნდა ემსჯელა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)