Site icon Civil.ge

კვლავ ვერ ხერხდება შეთანხმება ცსკო-ს თაობაზე

(თბილისი, 19 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – საპარლამენტო ფრაქციებს შორის დღეს ჩატარებული კონსულტაციები ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების თაობაზე კვლავ უშედეგოდ დასრულდა.

ფრაქცია “აღორძინებამ” კომისიის დაკომპლექტების ახალი წესი წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც კომისია 17 წევრისგან უნდა შედგებოდეს.

ფრაქციის წინადადების მიხედვით, თითოეულ პოლიტიკურ პარტიას, რომელმაც 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებში 7%-იანი ბარიერი გადალახა, სამი წევრის დანიშვნის უფლება აქვს. პრეზიდენტი ნიშნავს ერთ წევრს, ასევე თითო-თითო წევრი ინიშნება აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების მიერ. დანარჩენი წევრები დაინიშნება იმ პარტიების მიერ, რომელთაც 2002 წლის ადგილობრივ არჩევნებში 4%-იანი ბარიერი გადალახეს.

ოპოზიციურმა პარტიებმა მხარი დაუჭირეს შემოთავაზებულ პროექტს, ხოლო სახელისუფლებო ფრაქციებმა კატეგორიული წინააღმდეგობა გამოხატეს.    

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)