(თბილისი, 24 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – ცხინვალის რეგონში კონფლიქტის მოგვარების ოთხმხრივი კომისიის სხდომაზე, რომელიც 24 ივნისს მოსკოვში გაიმართა, რუსულმა მხარემ უკმაყოფილება გამოთქვა კონფლიქტის მოგვარების საქმეში პროგრესის ნაკლებობის გამო.
“ჩვენ შეშფოთებული ვართ ქართული-ოსური კონფლიქტის მოგვარების საქმეში არსებული ვითარებით. წინათ არსებული პოზიტიური დინამიკა აღარ შეინიშნება”, – განუცხადა რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა მიხეილ მაიოროვმა ჟურნალისტებს.
რუსულმა მხარემ მოუწოდა ქართულ და ოსურ მხარეებს შეასრულონ მიღწეული შეთანხმებები. “ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ კონფლიქტის მოგვარებაში პროგრესის მიღწევაში; თუმცა მხარეებმა თავი უნდა დააღწიონ ურთიერთუნდობლობას და მოძებნონ ურთიერთმისაღები გზები არსებული პრობლემების გადასაწყვეტად”, – განაცხადა რუსმა დიპლომატმა.
ვენაში ეუთოს მოდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას ეუთოში აშშ-ს მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ დუგლას დევიდსონმა 24 ივნისს განაცხადა, რომ აშშ შეშფოთებულია ცხინვალის რეგიონში კონფლიქტის მოგვარებაში პროგრესის არარსებობის გამო.
“სამწუხაროა, რომ უწინ არსებული ოპტიმიზმის მიუხედავად, მოლაპარაკებები სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების თაობაზე წინ ვერ მიიწევს”, – აღნიშნა მან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)