(თბილისი, 28 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – 9 ივნისს დაწყებული ჩეჩენი ლტოლვილების ხელახალი რეგისტრაციის შედეგად გაირკვა, რომ პანკისის ხეობაში 3600 ჩეჩენი ლტოლვილი ცხოვრობს. ამის შესახებ “სივილ ჯორჯიას” ახმეტის რაიონის გამგებელმა ნუკრი ალავიძემ აცნობა.
ჩეჩენი ლტოლვილების ხელახალ აღწერას გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო და რაიონის ადგილობრივი ადმინისტრაცია ერთობლივად ახორციელებდა.
რეგისტრაცია ორი კვირის მანძილზე მიმდინარეობდა. ლტოლვილების ტრანსპორტირება გაეროს ლტოლვილთა აღმასრულებელმა კომისარიატმა უზრუნველყო.
გასულ წელთან შედარებით ლტოლვილთა რაოდენობა შემცირდა. 2002 წელს ჩატარებული აღწერის შედეგად 4200 ლტოლვილი დაფიქსირდა, მათ შორის 181 თბილისში.
ნუკრი ალავიძის ინფორმაციით, რეგისტრაციის საბოლოო შედეგი 1 ივლისს გაირკვევა და ოფიციალურად გამოქვეყნდება, ამჟამად კი მიმდინარეობს შედეგების დამუშავება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)