(თბილისი, 30 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტი ტრაგედიად არ მიიჩნევს, თუ საპარლამენტო არჩევნები არსებული საარჩევნო კოდექსის მიხედვით ჩატარდება.
“ხელისუფლება, ისევე როგორც ოპოზიცია ვალდებულია და პასუხისმგებელია საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანაზე და ამ საკითხთან დაკავშირებით კომპრომისზე წასვლა უნდა მოხდეს, წინააღმდეგ შემთხვავაში, არჩევნები ძველი კოდექსის მიხედვით მაინც ჩატარდება”, – განაცხადა 30 ივნისს თავის რადიო-ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ.
იგი მზად არის შეხვდეს ოპოზიციური და სახელისუფლებო პარტიების წარმომადგენლებს, თუმცა, მისი თქმით, ეს პარლამენტში მათ შორის კონსესუსის მიღწევის შემდეგ მოხდება.
“მზად ვარ შევხვდე პარტიების წარმომადგენლებს ან ერთად, ან ცალ-ცალკე, მაგრამ შეხვედრაზე არ მოხდება დეტალური საკითხების განხილვა საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით, არამედ ეს პროცესი ჯერ პარლამენტში უნდა შედგეს. მე არ ვაპირებ ჩავერიო ამ პროცესში და შემდეგ დამაბრალონ ზეწოლა. თუ საუბარია კომპრომისზე, ეს პარლამენტშია მისაღწევი”, – აცხადებს პრეზიდენტი.
იგი ნაჩქარევად მიიჩნევს ამ ეტაპზე მის ჩართვას საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესში, მაშინ როცა შეთანხმებას ვერ აღწევენ თავად ოპოზიციური პარტიები.
პრეზიდენტი ერთადერთ გამოსავალს კომპრომისში ხედავს. პარლამენტის თავმჯდომარესა და დეპუტატებთან შეთანხმების შემდეგ პრეზიდენტი პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევას გეგმავს, სადაც არამარტო საარჩევნო კოდექსზე იქნება მსჯელობა, არამედ ქვეყნისთვის საჭირო კანონების მიღებაზეც.
საქართველოს პრეზიდენტი უახლოეს დღეებში საგანგებო მიმართვას გააკეთებს მოსახლეობისადმი, სადაც განაცხადებს, რომ ხელისუფლებას სურს სამართლიანი, ობიექტური და გამჭირვალე არჩევნების ჩატარება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)