Site icon Civil.ge

ოქმი ქართული არჩევნების საკვანძო საკითხებზე

ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების ყველა მონაწილე თანხმდება, მხარი დაუჭიროს და ხელი შეუწყოს ქვემოთ ჩამოთვლილ ღონისძიებებს, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ არჩევნების სამართლიანობა და ეუთოს სტანდარტებთან შესაბამისობა. შეერთებული შტატები ყურადღებით დააკვირდება ღონისძიებეთა განხორციელებას და თავის შეფასებასაც საჯაროდ გამოთქვამს. შეერთებული შტატები მოუწოდებს ქართულ საზოგადოებას, თავადაც საჯაროდ იმსჯელოს ამ საკითხებზე და შეაფასოს მათი მნიშვნელობა. არჩევნებში მონაწილე ყველა ძალა თანხმდება, რომ არჩევნების მიზანია, უზრუნველყოს საქართველოს კეთილდღეობა, დემოკრატიულობა და დამოუკიდებლობა ამ ქვეყნის მომავალი თაობებისათვის. ამისათვის, ისინი თანხმდებიან, რომ არჩევნების შემდგომ არ შეეცდებიან ოპონენტთათვის საზღაურის მიგებას ან პოლიტიკურ დევნას.

1. 2 აგვისტოსთვის პარლამენტი მიიღებს და მთავრობა აღასრულებს საარჩევნო კოდექსს.

2. 1 აგვისტოსათვის ყველა მხარე შეთანხმდება ყველა დონის საარჩევნო კომისიის ფორმირების წესზე.

3. წინასაარჩევნო კამპანიის დროს, არჩევნების დღეს და არჩევნების შემდგომ, ყველა პოლიტიკური ძალა თავს შეიკავებს ძალადობისგან, ძალადობის პროვოცირებისგან, მუქარისაგან და დაშინებისაგან.

4. მთავრობა შექმნის ამომრჩეველთა ზუსტ, კომპიუტერიზებულ სიებს და 1 სექტემბრისათვის გამოაკრავს საარჩევნო უბნებში და განათავსებს ინტერნეტში.

5. მთავრობა და ყველა პოლიტიკური ძალა მონაწილეობას მიიღებს პროგრამებში, რომელთა ამოცანა იქნება საარჩევნო ადმინისტრაციის მომზადება, მათ შორის თბილისს გარეთ. ტრენინგები დაიწყება ადმინისტრაციების ფორმირებისთანავე და დასრულდება 15 სექტემბრისათვის.

6. მთავრობა უზრუნველყოფს, რომ ყველა პოლიტიკურ ძალას და კანდიდატს თანაბრად დაეთმოს მედიის საშუალებები, მათ შორის, სახელმწიფო.

7. 15 სექტემბრამდე მთავრობა გამოაქვეყნებს წესებს, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ საარჩევნო შედეგების დეტალური და დაუყოვნებლივი გამოქვეყნება ყველა დონეზე.

8. მთავრობა მხარს დაუჭერს და ხელს შეუწყობს დამოუკიდებელი დამკვირვებლების მიერ ხმების პარალელური დათვლის განხორციელებას. ეს დებულება 1 აგვისტოსთვის საარჩევნო კოდექსშიც ჩაიდება. მთავრობა შეიმუშავებს მექანიზმს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხმების დათვლა ყველა რეგიონში გამჭვირვალე და სამართლიანი იყოს.

9. მთავრობა მხარს დაუჭერს და წაახალისებს დამოუკიდებელი დამკვირვებლების საქმიანობას.

10. ყველა პოლიტიკური ძალა დაიცავს საქართველოს კონსტიტუციას და კანონებს.