(თბილისი, 8 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – პრეზიდენტ შევარდნაძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ ოპოზიციის ლიდერებმა განაცხადეს, რომ მათ მთავრობასთან საარჩევნო სისტემის რეფორმირების თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს.
“მომავალ კვირას პარლამენტის საგანგებო სესია იქნება მოწვეული, რომელიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების თაობაზე აშშ-ის მთავრობის მიერ შემოთავაზებულ საარჩევნო მითითებებს დაამტკიცებს”, – განუცხადა “ახალი მემარჯვენეების” ლიდერმა დავით გამყრელიძემ ჟურნალისტებს.
აშშ-ის ადმინისტრაციის რეკომენდაციები, რომლებიც ქართულ მხარეს ამერიკის ყოფილმა სახელმწიფო მდივნმა ჯეიმს ბეიკერმა თბილისში 5-6 ივლისის ვიზიტის დროს გადასცა, ითავლისწინებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტებას მთავრობის 5 და ოპოზიციის 9 წარმომადგენლით, თავმჯომარეს კი ეუთო დანიშნავს.
“მთავარი ის არის, რომ ჩვენ პრეზიდენტ შევარდნაძესთან მივაღწიეთ შეთანხმებას აშშ-ის რეცომენდაციების განხორციელების თაობაზე. მხოლოდ ტექნიკური საკითხების გადაწყვეტაა საჭირო, და ჩვენ ვიმუშავებთ ამ კუთხით”, – განაცხადა “გაერთიანებული დემოკრატების” ლიდერმა ზურაბ ჟვანიამ.
თუმცა, ზოგიერთ ოპოზიციურ პარტიას სურს ერთზე მეტი წარმომადგენელი ჰყავდეს ცსკო-ში. “ჩვენ მოხარული ვიქნებოდით, თუ ორი წარმომადგენელი გვეყოლებოდა კომისიაში. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ეს არ გახდება შეუთანხმებლობის მიზეზი”, – აღნიშნა “მრეწველთა პარტიის” ლიდერმა გოგი თოფაძემ.
ლეიბორისტული პარტიისა და აღორძინების კავშირის წარმომადგენლებმა დღეს კანცელარიაში პრეზიდენტ შევარდნაძესთან გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიიღეს.
როგორც ოპოზიციის ლიდერებმა განაცხადეს, ისინი საქართველოს პრეზიდენტს უახლოეს მომავალში კვლავ შეხვდებიან, რათა აშშ-ის რეკომენდაციების ტექნიკური საკითხები შეათანხმონ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)