(თბილისი, 10 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – კომპანია “ყაზბეგი” ერაყში საკუთარი პროდუქციის რეალიზებას იწყებს. დღეისათვის ერაყში უკვე გაიგზავნა 8 სახეობის 45 ათასი ბოთლი ლუდი და იმავე რაოდენობის 5 სახეობის გამაგრილებელი სასმელი “ცივი ჩაი”.
კომპანია “ყაზბეგი” ტვირთის გადატანას ერთ-ერთი თურქული გადამზიდავი კომპანია “ტეტას” მეშვეობით განახორციელებს, რომელთანაც კონტრაქტი ორი დღის წინ გაფორმდა. კომპანიის იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელის გიორგი ცაგარეიშვილის ინფორმაციით, კონტრაქტი გრძელვადიანია და მისი ღირებულება 20 ათას დოლარს შეადგენს.
ლუდითა და “ცივი ჩაით” დატვირთული კონტეინერი თურქეთის გავლით ჩრდილოეთ ერაყის ტერიტორიაზე გადავა, სადაც მოხდება პროდუქციის რეალიზაცია.
კომპანია ერაყის ბაზრის მომარაგებას ყოველკვირეულად განახორციელებს, მომავალში ლუდსა და “ცივ ჩაის” ასევე დაემატება სასმელი წყალი, სიგარეტი და ყავა. კომპანია მომავალ კვირაში ასევე ლუდის ექსპორტს აშშ-ს ორ შტატში განახორციელებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)