(თბილისი, 11 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის განცხადებით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობით თურქეთი ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო შეთანხმებებს არღვევს.
“ინვაირონმენთ ნიუს სერვის”-ის ცნობით, “დედამიწის შვილებმა”, “ქურთების ადამიანთა უფლებების პროექტმა”, “პლატფორმამ” და სხვა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებმა 8 ივლისს საჩივრით მიმართეს ევროკომისიას, სადაც მოითხოვდნენ ამ ორგანიზაციას გამოეყენებინა თავისი უფლებები თურქეთის მიერ შეთანხმებების შესრულების თაობაზე.
არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის განცხადებით, ნავთობსადენის მშენებლობის თაობაზე მიღწეული შეთანხმებით თურქეთი უწინარეს ყოვლისა ევროკავშირის კანონმდებლობას არღვევს.
თურქეთმა იკისრა ვალდებულებები შეასრულოს ევროკავშირის კანონები გარემოზე ზემოქმედების შეფასების კუთხით, თუმცა ევროკომისიისადმი კოალიციის მიმართვაში ნათქვამია, რომ ნავთობსადენის პროექტი არღვევს ევროკავშირის მიერ წამოყენებულ მოთხოვნებს გარემოზე ზემოქმედების შეფასების თაობაზე.
“ინვაირონმენთ ნიუს სერვის”-ის ცნობით, საჩივარს მხარს უჭერენ სოფლის ის მაცხოვრებლებიც, რომელთაც გარკვეული შეხება ჰქონდათ პროექტის განხორციელებასთან. მათი თქმით, მათ არ ჩაუტარდათ შესაბამისი კონსულტაციები.
ცოტა ხნის წინ ნავთობსადენის მშენებლობის წინააღმდეგ სარჩელი საქართველოშიც იქნა შეტანილი. თბილისის საოლქო სასამართლომ საქართველოს გარემოსდაცვითი ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივისგან” მიიღო სარჩელი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წინააღმდეგ. ამ უკანასკნელმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მშენებლობაზე ნებართვა 2002 წლის 30 ნოემბერს გასცა.
“მწვანე ალტერნატივის” განცხადებით, ნებართვა კანონის დარღვევით იქნა გაცემული, რადგანაც გადაწყვეტილების მიღების პროცესი საზოგადოებისთვის გამჭირვალე არ ყოფილა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)