(თბილისი, 14 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – 12 ივლისს “იმელის” შენობის წინ მოშიმშილე ვეტერანებთან შეხვედრის შემდეგ, რომლებიც აფხაზეთის კონფლიქტის ზონიდან რუსი სამშვიდობოების გაყვანას მოითხოვენ, პარლამენტის თავჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს სატელეფონო საუბარი ჰქონდა პრეზიდენტ შევარდნაძესთან, რომელმაც 16 ივლისს საგანგებო სხდომა დანიშნა. სხდომა აფხაზეთის საკითხს განიხილავს.
აფხაზეთის ვეტერან მეომართა კავშირისრამდენიმე წევრმა 12 დღის წინ შიმშილობის აქცია დაიწყო. პარლამენტის თავჯდომარემ და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა თედო ჯაფარიძემ, რომელიც ასევე შეხვდა მოშიმშილეებს 12 ივლისს, მათ აქციის შეწყვეტა თხოვეს ჯანმრთელობის გაუარესების გამო, თუმცა აქციის მონაწილენი არ დათანხმდნენ.
ცოტა ხნის წინ საქართველოს ხელისუფლება დათანხმდა აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში
განლაგებული რუსი სამშვიდობოების მანდატის განუსაზღვრელი ვადით გაგრძელებაზე,
სანამ ერთ-ერთი მხარე არ მოითხოვს მათ გაყვანას.
ამ გადაწყვეტილებამ დევნილთა და აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების პროტესტი
გამოიწვია. ეს უკანასკნელი მოითხოვს განხორციელდეს გაეროს წესდების 7 მუხლი,
რომელიც მშვიდობის ძალით დამყარებას ითვალისწინებს.
აფხაზეთის საკითხის გარდა, პარლამენტის საგანგებო სხდომა ახალ საარჩევნო კოდექსსაც განიხილავს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)