(თბილისი, 16 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს ელჩმა რუსეთის ფედერაციაში ზურაბ აბაშიძემ 15 ივლისს განაცხადა, რომ ნატოს “ავაქსის” სისტემის თვითმფრინავის ორსაათიანი ფრენა თბილისის თავზე საქართველოსა და “თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში მისი დასავლელი პარტნიორების” თანამშრომლობის ნაწილი იყო.
“საქართველომ, როგორც ნატოს “პარტნიორობა მშვიდობისათვის” პროგრამის წევრმა, მიმართა ნატოს პროგრამას საჰაერო დაზვერვის მონაცემების გაცვლის თაობაზე. თანამშრომლობა გულისხმობს საჰაერო სივრცის დაცვას, რის შედეგადაც ჩვენ გვეცოდინება, თუ რა ხდება ჩვენს ტერიტორიაზე”, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ რუსეთის რადიო-სადგურ “ეხო მოსკვისთვის” მიცემულ ინტერვიუში.
“ავაქსის” სისტემის თვითმფრინავიAთბილიში 8 ივლისს ჩამოფრინდა ნატოს ადრეული მართვისა და კონტროლის სამმართველოს დელეგაციასთან ერთად.
9 ივლისს ნატოს დელეგაციამ “ავაქსის” თვითმფრინავით საჩვენებელი ფრენა გამართა თბილისის თავზე.
საქართველო ხშირად უყენებდა პრეტენზიებს რუსეთს საჰაერო სივრცის დარღვევის გამო. გასულ ზაფხულს საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთი საქართველო-რუსეთის საზღვრის მიმდებარე საქართველოს ტერიტორიის დაბომბვაში დაადანაშაულა.
საქართველოში “ავაქსის” ფრენის საპასუხოდ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 10 ივლისს განცხადება გააკეთა, რომელშიც ნათქვამია, რომ ამ სისტემის თვითმფრინავების ფრენა “რუსეთის უშიშროებას” საფრთხეს უქმნის. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ “ავაქსის” ტექნოლოგიას შეუძლია რუსეტის საჰაერო სივრცეში შესვლის გარეშეც რუსეთის ტერიტორიის დიდ ნაწილზე აწარმოოს დაზვერვა.
სხვა ინფორმაცია ამ თემაზე:
მოსკოვი საქართველოში ნატოს მზვერავი თვითმფრინავის გამოჩენას აპროტესტებს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)