(თბილისი, 16 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პარლამენტმა 16 ივლისს რიგგარეშე სხდომაზე 146 ხმით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შესახებ რომის კონვენციის რატიფიცირება მოახდინა.
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო პირველ მუდმივ საერთაშორისო სასამართლო სტრუქტურას წარმოადგენს, რომელსაც შეუძლია გაასამართლოს გარკვეული პირები გენოციდის, სამხედრო დანაშაულებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებისთვის.
აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლება მოითხოვდა რომის კონვენციასთან მიერთებას, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდება ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების მიერ წარდგენილი სარჩელის განხილვა, რომელიც კონფლიქტის დროს ქართველებზე განხორციელებულ გენოციდს ეხება.
აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების დელეგაცია 2003 წლის 10-15 მარტს ვიზიტით ჰააგაში იმპოფებოდა. დელეგაციის წევრებმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიმართეს, რათა ამ უკანასკნელმა განიხილოს საკითხი 1992-93 წლების აფხაზეთის ომის დროს ეთნიკური ქართველების “გენოციდის” თაობაზე.
რომის სტატუტის რატიფიკაცია საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას მოითხოვს. ეს ცვლილებები პარლამენტმა უნდა მიიღოს.
აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების დეპუტატებმა პარლამენტს მოუწოდეს, რაც შეიძლება სწრაფად მიიღონ ეს დამატებები.
სხვა ინფორმაცია ამ თემაზე:
საერთაშორისო სასამართლო, აშშ-ის პოზიცია, თუ პუტინთან შეთანხმება
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)