Site icon Civil.ge

საქართველო-ქუვეითის სამხედრო ხელშეკრულება რატიფიცირებულია

(თბილისი, 16 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პარლამენტმა 16 ივლისის რიგგარეშე სხდომაზე მოახდინა საქართველო-ქუვეითის სამხედრო ხელშეკრულების რატიფიცირება, რასაც პარლამენტის 120-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

ხელშეკრულების რატიფიკაცია იურიდიულ საფუძველს აძლევს საქართველოს გააგზავნოს ქართული ასეული ერაყის სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილების მისაღებად. ქუვეითთან ხელშეკრულება დადებულია როგორც სატრანზიტო ქვეყანასთან. 

მოცემული ხელშეკრულება ანალოგიურია საქართველოს პარლამენტის მიერ 2003 წლის მარტში აშშ-სთან დადებული სამხედრო ხელშეკრულებისა.

საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ექნებათ საშუალება შევიდნენ და დატოვონ ქვეყანა ვიზებისა და პასპორტების გარეშე, მხოლოდ სამხედრო ან სამთავრობო მოწმობის გამოყენებით.

მათ ასევე ექნებათ ის პრივილეგიები და იმუნიტეტი, რომლებიც საელჩოს ადმინისტრაციულ თუ ტექნიკურ პერსონალს გააჩნია.

ხელშეკრულების თანახმად, საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებები ლიცენზირებას და რეგისტრაციას არ დაექვემდებარება.

სამხედროებს საშუალება ექნებათ გამოიყენონ ქუვეითის აეროდრომები და ჩაიტანონ საჭირო მოწყობილობა ყოველგვარი გადასახადის გადახდის გარეშე.

შეთანხმების მიღწევას წინ უძღვოდა 2003 წლის აპრილ-მაისში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ირაკლი მენაღარიშვილისა და ქუვეითის პრემიერ-მინისტრის მოადგილის შეიჰ საბა ალ-აჰმედის მიერ ნოტების გაცვლა.

სხვა ინფორმაცია ამ თემაზე:
ქუვეითთან ხელშეკრულება ქართული ასეულის ერაყში განთავსებას შეუწყობს ხელს

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)