(თბილისი, 17 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – პარლამენტის ინტერფრაქციულმა ჯგუფმა, რომელიც ახალი საარჩევნო კოდექსის შემუშავებაზე მუშაობს, მომავალი საპარლამენტო არჩევნებისა და აშშ-ის მიერ შემოთავაზებული საარჩევნო რეკომენდაციების თაობაზე ეუთო-ს წარმომადგენლებთან გამართა კონსულტაციები.
ინტერფრაქციული ჯგუფის თავჯდომარემ გიგი წერეთელმა განაცხადა ჯგუფის დღევანდელ შეხვედრაზე, რომ კონსულტაციების დროს ეუთო-მ წამოაყენა წინადადება საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან (ეუთო, ევროკავშირი, ევროპის საბჭო) კომიტეტის შექმნის თაობაზე, რომელიც ქართულ მხარეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცსკო) თავჯდომარეს წარუდგენს დასამტკიცებლად.
აშშ-ის ადმინისტრაციის რეკომენდაციების თანახმად, ცსკო-ს თავჯდომარე უნდა დაინიშნოს ეუთო-ს მიერ. იგი უნდა იყოს ყველასთვის პატივსაცემი პიროვნება და არ უნდა იყოს რომელიმე პარტიის წევრი. რეკომენდაციების თანახმად, ცსკო-ს შემადგენლობაში უნდა შევიდნენ სახელისუფლებო პარტიების ხუთი წარმომადგენელი და ოპოზიციური პარტიების ცხრა წარმომადგენელი.
“რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და ეუთო-მ ახლახანს ეს საკითხი ვაშინგტონში განიხილეს”, – განაცხადა დღეს გიგი წერეთელმა.
ინტერფრაქციული ჯგუფი ეუთოს წინადადებას დღევანდელ სხდომაზე განიხილავს. პარლამენტის სახელისუფლებო ფრაქციები, ასევე “აღორძინებისა” და “მრეწველთა” ფრაქციები განხილვაში არ მონაწილეობენ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)