(თბილისი, 6 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ედუარდ შევარდნაძემ და ცნობილმა ბიზნესმენმა და ფილანტროპმა ჯორჯ სოროსმა 5 ივნისს სატელეფონო საუბრისას ურთიერთპატივისცემა დაადასტურეს.
სატელეფონო საუბარი მოყვა პრეზიდენტ შევარდნაძის მიერ 2 ივნისს გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია ხელისუფლებთან დაპირისპირებულ ძალებს აფინანსებს საქართველოში, რაც ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევის ტოლფასია.
შევარდნაძეს არ დაუსახელებია ორგანიზაცია, თუმცა ცოტა ხნის წინ პრეზიდენტის მხარდამჭერებმა სოროსის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობა ოპოზიციური ძალების დაფინანსებაში დაადანაშაულეს.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ჯორჯ სოროსმა “დაარწმუნა შევარდნაძე, რომ ის არ ერევა ქვეყნის საშინაო საქმეებში”.
შევარდნაძე და სოროსი შეთანხმდნენ მომავალში რაიმე გაუგებრობა მხოლოდ ერთმანეთში გაარკვიონ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)