(თბილისი, 30 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში 24-28 მაისს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია სხდომები ჩატარდა. ამ სესიაზე იმყოფებოდა საქართველოს პარლამენტის დელეგაცია დეპუტატ გიორგი ბარამიძის ხელმძღვანელობით, რომელსაც გამოსვლები ჰქონდა სხვადასხვა კომიტეტებში და ასევე ასამბლეის სხდომაზე.
ასამბლეაზე გამოსვლისას ბარამიძემ საქართველო-ნატოს ურთიერთობების, მსოფლიო უსაფრთხოების სისტემაში საქართველოს როლის, საქართველო-რუსეთის ურთიერტობების და რუსეთის მიერ სეპარატიზმის მხარდაჭერის პოლიტიკის განხორციელების (აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში) შესახებ ისაუბრა.
გიორგი ბარამიძემ დღეს თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს დელეგაციამ მოამზადა წინადადება ნატო-ს საპარალემენტო ასამბლეის პოლიტიკურ კომიტეტში შემავალი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეკომიტეტის ევროპის აღმოსავლეთის და შავი ზღვის რეგიონის ქვეკომიტეტად გარდაქმნის შესახებ. ამ წინადადების განხილვა დაგეგმილია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიაზე.
ბარამიძემ აზერბაიჯანისა და უკრაინის დელეგაციების ხელმძღვანელებთან ერთად ოფიციალურად მოაწერა ხელი ამ ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციების თანამშრომლობის ხელშეკრულებას ნატო-ში გაწევრიანების თემაზე.
ამ ეტაპზე თანამშრომლობის მიზნით მოლაპარაკებები მიდის ასევე ბალკანეთის იმ ქვეყნებთანაც, რომლებიც ნატო-ს გაფართოების მორიგ ტალღაში შეიძლება იყვნენ მოაზრებულნი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)