Site icon Civil.ge

საქართველო აქტიურ მონაწილეობას აპირებს ერაყის რეკონსტრუქციის პროცესში

(თბილისი, 30 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველო ერაყის შემდგომ რეკონსტრუქციაში აქტიურ მონაწილეობას მიღებას აპირებს. ქართულმა დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო 23 მაისს ლონდონში ჩატარებულ სემინარში, რომელიც აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ იყო ორგანიზებული.

სემინარის ძირითადი მიზანი იყო ერაყის რეკონსტრუქციის საკითხებზე აშშ მთავრობის პოზიციის დაფიქსირება და კოალიციის წევრი ქვეყნების მიერ რეკონსტრუქციის პროცესში მონაწილეობის მიღების გზებისა და საშუალებების პრეზენტაცია. აშშ-ს განვითარების სააგენტომ უკვე გამოავლინა რვა პირდაპირი კონტრაქტორი.

სემინარს ქართული მხარიდან ესწრებოდნენ საქართველოს ელჩი დიდი ბრიტანეთში დავით მამაცაშვილი და ეკონომიკის, საქართველოს მრეწველობის და ვაჭრობის სამინისტროს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორის მოადგილე გიორგი ღაღანიძე.

ეკონომიკის, მრეწველობის და ვაჭრობის მინისტრის გიორგი გაჩეჩილაძის განცხადებით, სააგენტო აქტიურად მუშაობს, რათა მაქსიმალურად გაამარტივოს ქართული კომპანიების რეგისტრაცია და მათ მიერ სხვადასხვა კონტრაქტების მოპოვებას შეუწყოს ხელი. 

“აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ეკონომიკის სამინისტროს სახით გადადგა პირველი ნაბიჯი და ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად იმუშავებს ამ მეტად მნიშვნელოვან საკითხებზე. ქართულ კომპანიებს დიდი შანსი აქვთ გამოიყენონ საკუთარი შესაძლებლობები ერაყის მოსახლეობის წყლით მომარაგებისა და მშენებლობის მიმართულებით”, – განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, კომპანიების მიერ კონტრაქტების მოპოვება უშუალოდ კომპანიების საქმეა და სამინისტრო ამ პროცესში მონაწილეობას არ გეგმავს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)