Site icon Civil.ge

გრძელდება ქართულ-თურქული მოლაპარაკებები საჰაერო მიმოსვლაში თანამშრომლობის შესახებ

(თბილისი, 27 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოსა და თურქეთის მთავრობებს შორის კვლავ გრძელდება მოლაპარაკება ავიაკომპანია “თურქიშ აირლაინზ”-ის საქართველოსთან თანამშრომლობის თაობაზე. დღეს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ თურქეთის ელჩი საქართველოში დიჯლე ქოფუზი მიიღო.

შეხვედრისას ქართული მხარის მიერ შეთავაზებული წინადადებები განიხილეს. სამოქალაქო ავიაციის დეპარტამენტის თავმჯდომარის ზურაბ ჭანკოტაძის ინფორმაციით, თურქეთის მხარე არ თანხმდება არც ერთ წინადადებას, მათ შორის “აირზენასთან” ერთად კვირაში 2-2 რეისის განხორციელებას, ან ცალმხრივ ფრენის შემთხვევაში ქართული ავიაკომპანიისთვის კომპენსაციის გადახდას.

თურქეთის ავიაკომპანია კვლავ ითხოვს ძველ რეჟიმში რეისების შესრულებას კვირაში სამჯერ.

“ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს შეხვედრები სასურველ შედეგს გამოიღებს და მივაღწევთ შეთანხმებას თანამშრომლობის თაობაზე”, – განაცხადა დღეს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ თურქეთის ელჩმა.

თურქეთის ავიახაზებს რეგულარული რეისების განხორციელება პარლამენტის 27 თებერვლის გადაწყვეტილების შედეგად აეკრძალა. პარლამენტის დადგენილების მიხედვით, თუქრულმა კომპანიამ ქართულ ავიაკომპანიასთან კომერციული ხელშეკრულება უნდა გააფორმოს და გადაიხადოს შემოსავლებიდან გარკვეული თანხები საქართველოს ბიუჯეტში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)