(თბილისი, 27 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – სახელისუფლებო პარტიის მხარდამჭერებსა და ოპოზიციურ პარტია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობის” წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება დღეს გორში ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. ინციდენტი სახელმწიფო მინისტრის ავთანდილ ჯორბენაძის გორში ვიზიტს დაემთხვა.
გორის ცენტრში “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია გამართეს, სადაც ხელისუფების შეცვლას მოითხოვდნენ. გორში ჩასულ ავთანდილ ჯორბენაძეს შელაპარაკება მოუვიდა ასევე გორში მყოფ თბილისის საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ წევრთან კობა ბექაურთან, რომელმაც მთავრობა უმოქმედობაში დაადანაშაულა, ხოლო ჯორბენაძემ ურჩია ბექაურს საკრებულოში თავისი მოვალეობების შესრულება.
ამ ინციდენტის შემდეგ თბილისში საგანგებო ბრიფინგი გამართა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც სახელისუფლებო პარტიის მხარდამჭერები პროვოკაციის მოწყობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ პარტიას მხოლოდ მშვიდობიანი აქციის მოწყობა ჰქონდა დაგეგმილი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)