Site icon Civil.ge

სერგეი ივანოვი საქართველოს უმაღლეს დონეზე მიღწეული შეთანხმებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს

(თბილისი, 19 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი ივანოვი მიიჩნევს, რომ ქართული მხარე “არ ასრულებს უმაღლეს დონეზე მიღწეულ შეთანხმებებს”.

ასეთი კომენტარი გაუკეთა ივანოვმა რუს ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ახლახანს მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც ქართველი მესაზღვრეების მიერ გასულ წელს დაკავებული სამი ჩეჩენი რუსულ მხარეს არ გადაეცემა.

მიმდინარე წლის 6-7 მარტის შეხვედრაზე სოჭში პრეზიდენტი შევარდნაძე თავის რუს კოლეგას ვლადიმირ პუტინს დაპირდა, რომ საქართველო რუსეთს ყველა დაკავებულ ჩეჩენს გადასცემდა, მაგრამ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 16 მაისს გამოიტანა დადგენილება, რომლითაც საქართველოს გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილება ჩეჩენთა ექსტრადიციის თაობაზე უმართებულოდ მიიჩნია. სასამართლოს ეს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

გელოგაევი, ალხანოვი და ელხაჯიევი ქარველმა მესაზღვრეებმა გასული წლის აგვისტოში სხვა 10 შეიარაღებულ პირთან ერთად რუსეთის საზღვართან ახლოს დააკავეს, რომელთაგან 5 გასული წლის ოქტომბერში რუსულ მხარეს გადაეცა სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე.

რუსული მხარე დღემდე კატეგორიულად მოითხოვს ყველა დაკავებულის ექტსტრადიციას და აცხადებს, რომ ისინი რუსეთის ტერიტორიაზე მძიმე დანაშაულების ჩადენაში არიან ეჭვმიტანილნი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)